მადრიდის "რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ უკვე იცის, თუ რა სტრატეგიით ათამაშებს იგი გუნდს "ბარსელონასთან” მორიგ დაპირისპირებებში. როგორც იცით, 17 და 20 აპრილს, "ელ კლასიკო” ორჯერ გაიმართება. შესაძლოა, პირველ მათგანს, იმ დროისთვის, პრაქტიკული თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარც ჰქონდა. მე-2 დაპირისპირება კი, აუცილებლად იქნება სატიტულო, რადგან გუნდები თასის ფინალში წარსდგებიან ერთმანეთის პირისპირ. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, მან უკვე დაივიწყა "ბარსელონასთან” კატასტროფული მარცხი (0:5), მაგრამ ჯერ კიდევ ახსოვს კატალონიელებთან შეხვედრაში ინტერთან ერთად მიღწეული წარმატება. "ელ კლასიკოში” ბურთი ჩვენ საერთოდ არ გვინახავს. თამაში რომ გაგრძელებულიყო, შესაძლოა 0:7 წაგვეგო. ეს თამაში შეხვედრების იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც უბრალოდ უნდა დაივიწყო. სამაგიეროდ, არ უნდა დავივიწყოთ ჩემი "ინტერის” მიერ "ბარსასთან” ნაჩვენები თამაში. სწორედ ასეთ მეთოდს გამოვიყენებ, როდესაც "რეალი” კვლავ დაუპირისპირდება "ბარსელონას” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Sky Sports-ი. "განსაკუთრებულის” მიერ გაკეთებული კომენტარი გვიბიძგებს ვივარაუდოთ, რომ 17 აპრილს, "რეალი” საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ყრუ დაცვას ითამაშებს.
|