ვეტერანმა ფორვარდმა დიეგო ფორლანმა მილანის "ინტერთან” კონტრაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ ურუგვაული გამოცემა – El Pais-ი იუწყება.
აღნიშნულ წყაროს თუ დავუჯერებთ, ფორლანი კარიერას ბრაზილიურ "ინტერნასიონალში” განაგრძობს. ურუგვაელი თავისუფალი აგენტი გახდა და ბრაზილიელებს მასში თანხის გადახდა არ მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ფორლანი "ინტერში” 2011 წლის ზაფხულში, მადრიდის "ატლეტიკოდან” გადავიდა. ტრავმებისა და სხვა პრობლემების გამო, ურუგვაელმა "ნერაძურის” ძირითად შემადგენლობაში თავი მყარად ვერ დაიმკვიდრა. საერთშო ჯამში, მან "ინტერის” მაისური 20 მატჩში მოირგო და 2 გოლი მიითვალა.