მილანის "ინტერის” მცველი ანდრეა რანოკია, ინგლისის ჩემპიონის, "მანჩესტერ სიტის” ინტერესის სფეროში მოექცა.
მას შემდეგ, რაც მილანელებმა განათხოვრების წესით არგენტინელი მცველი მატიას სილვესტრე დაიმატეს, 24 წლის იტალიელის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის პერსპექტივა ბუნდოვანი გახდა და წესით, გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი თავად ფეხბურთელიც არ უნდა იყოს. Calcionews24.com-ის ინფორმაციით, "სიტის” იტალიელი თავკაცი რობერტო მანჩინი, გუნდის დაცვის ცენტრის გაძლიერებაზე ფიქრობს და ამ პრობლემის აღმოფხვრას რანოკიას მეშვეობით აპირებს. აღსანიშნავია, რომ ანდრეას მიმართ ინტერესს ფრანგული გრანდი პსჟ-ც იჩენს. თავის მხრივ, სილვესტრე იმედოვნებს, რომ ახალ გუნდს სწრაფად შეეთვისება და ტურინის "იუვენტუსში” გადასული ბრაზილიელი მცველის, ლუსიოს სრულფასოვან შეცვლას მოახერხებს. "გათვითცნობიერებული მაქვს, რომ ჩემზე დიდ იმედებს ამყარებენ და მეც ყველაფრისთვის მზად ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მცვველის პოზიციაზე "ინტერში” დიდი კონკურენციაა, ვიმედოვნებ, გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გავხდები. ზურგს უდიდესი გამოცდილება მიმაგრებს და ვფიქრობ, "ინტერში” საჭირო დროს აღმოვჩნდი. შემოთავაზებები სხვა გუნდებიდანაც მქონდა, მაგრამ "ინტერში” თამაში ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო. "ინტერი” ყოველთვის "ინტერია” და ამასთან, გუნდში მრავლად არიან არგენტინელები, რომლებიც ადაპტაციაში დამეხმარებიან” - თქვა 27 წლის სამხრეთამერიკელმა.
|