მილანის ინტერის სერბი ნახევარმცველისთვის, დეიან სტანკოვიჩისთვის მთავარია, რომ მისმა გუნდმა მილანთან, მადონინად წოდებული დერბი მოიგოს და თანახმაა, მოედანზე საერთოდ არ გავიდეს. მომავალი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების წინ, 32 წლის სერბმა "მილანის” კარში გატანილი გოლები გაიხსენა და მილანის ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიზეზებზე და ზლატან იბრაჰიმოვიჩის დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა. დერბი ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა, მით უმეტეს - მილანური დერბი. მილანისა და ინტერის მორიგ დაპირისპირებამდე სულ რაღაც ორი დღე რჩება და ის თავისი მნიშვნელობით კიდევ უფრო განსაკუთრებულია, რადგანაც მის შედეგზე სკუდეტოს ბედი დიდად იქნება დამოკიდებული. ახლა მილანი მდევარს ორი ქულით უსწრებს და მოგების შემთხვევაში, უპირატესობას ხუთამდე გაზრდის, რის შემდეგაც მისი დაწევა ძალიან გართულდება. თავის მხრივ, თუ სამი ქულის აღებას ინტერი მოახერხებს, მეოთხე ტურის შემდეგ პირველად, ის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცევა, ზედიზედ მეექვსე საჩემპიონო ტიტულს მიუახლოვდება და ახლა უკვე მის კონკურენტებს მოუწევთ ჩამორჩენის აღმოფხვრაზე ზრუნვა. აღსანიშნავია, რომ ცნობილი მილანური დერბი 275-ედ იმართება. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა მილანის მხარესაა - 107 მოგება 95-ის წინააღმდეგ. თუ მხოლოდ იტალიის სერია A-ს თამაშებს მივიღებთ მხედველობაში, აქ უკვე ინტერი ლიდერობს - 64 მოგება 59-ის წინააღმდეგ.
- თქვენის აზრით, ვინაა ფავორიტი მომავალ მილანურ დერბიში? - უმრავლესობა ფავორიტად "ინტერს” მიიჩნევს და ეს ლოგიკურია, რადგან ბოლო პერიოდში მეტოქეზე შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს. ცხრილის შუაგულიდან აჩქარება განვახორციელეთ და მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებთ. - ასეთი აჩქარება ხომ არ მოგადუნებთ? - არავითარი მოდუნება, ეს გამორიცხულია. - მეტოქეს თუ უფრთხით, რამდენად საშიშია ახლა "მილანი”? - ცოტაოდენი რიდი გვაქვს, "მილანი” ხომ "პალერმოსთან” მარცხის შემდეგ ძლიერ გაბრაზებულია. მათ სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩენა სურთ, სადაც ოც ტურზე მეტია იმყოფებიან და ეცდებიან ყველას დაუმტკიცონ, რომ მათი წარმატება შემთხვევითობა სულაც არაა. პირადად მე, ამ გუნდის შესაძლებლობაში ეჭვი არასდროს შემიტანია. - ცოტა ხნის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ თუ "მილანი” "სკუდეტოს” დაკარგავს, ეს მხოლოდ "როსონერის” შეცდომითვე მოხდება. ეთანხმებით მის მოსაზრებას? - არა, რადგან ამაში ჩვენი წვლილიც საკმარისზე მეტი იქნება. მაშინაც კი, როდესაც ლიდერს მთელი 13 ქულით ჩამოვრჩებოდით, გვწამდა, რომ ჩემპიონის ტიტულის მოგება შეგვეძლო. - ლეონარდო ადრე "მილანს” წვრთნიდა, ახლა კი, "ინტერშია”... - პირადად მე, "მილანში” თამაშზე არასდროს დავფიქრებულვარ, თუმცა, ვფიქრობ, რომ მწვრთნელისათვის ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლა სულ სხვა შეგრძნებაა. - სეზონის პირველმა დერბიმ რა მოგონებები დაგიტოვათ? - ჩვენს კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი და ის, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში მეტოქეზე უკეთ ვთამაშობდით. იმ გოლმა ჩვენზე იმპულსურად იმოქმედა, "მილანმა” კი უკან დაიხია და კონტრშეტევებზე თამაშს ცდილობდა. - ახლანდელი მატჩი რითი იქნება განსხვავებული? - ახლა სეზონის დასასრულია და თამაშსაც მეტი მნიშვნელობა აქვს. მისი შედეგი საფინალო აჩქარებაზე ძლიერ იმოქმედებს. გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ დამატებით თავდაჯერებულობას შევიძენთ. - დერბისთვის მზადებაში ჩემპიონთა ლიგაზე "შალკესთან” გასამართი შეხვედრა ხელს არ გიშლით? - არა. "მილანთან” ბოლომდე დავიხარჯებით, მერე კი "შალკესთან” მატჩზე დავფიქრდებით. დარწმუნებული ვარ, დერბიში მიღწეული დადებითი შედეგი ჩემპიონთა ლიგაზეც დაგვეხმარება. არ მგონია, რომ "მილანმა” "ბარისთან” და "პალერმოსთან” ქულები შემთხვევით დაკარგა. ისინი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ და შემდგომი წარუმატებლობა ამის ლოგიკური გაგრძელება იყო. - სანაკრებო შეხვედრებით გამოწვეული პაუზა დერბიზე თუ იმოქმედებს? - ასეთი რამ პირველად ხომ არ ხდება. სულ რამდენიმე ვარჯიში დაგვჭირდება, რათა ძველ რიტმს დავუბრუნდეთ და ერთმანეთი ძველებურად შევიგრძნოთ. გამოცდილება არ გვაკლია და ერთადაც დიდი ხანია ვთამაშობთ. - "ნაპოლი” და "უდინეზე” თუ შეძლებენ საჩემპიონო ბრძოლაში ჩართვას? - საქმე სერია A-სთან გვაქვს და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გასული ორი წლის გათამაშებაში, "რომამ” კინაღამ გვაჯობა... - შაბათს იბრაჰიმოვიჩი ვერ ითამაშებს... - ფეხბურთისთვის უკეთესია, როდესაც ყველა საუკეთესო მოთამაშე მოედანზეა, მაგრამ ის ვერ ითამაშებს და აღარაფერი შეიცვლება. - როგორ ფიქრობთ, მისი დისკვალიფიკაცია სამართლიანია? - ეს ჩემი კი არა, "მილანის” შიდა საქმეა. - თქვენ მას კარგად იცნობთ, რა დაემართა "ბარისთან” მატჩში? - ზლატანი კარგი, მაგრამ იმპულსური ბიჭია. მსგავსი რამ ბევრს ემართება. ეტო’ოც აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში. ყველანი ვალდებულნი ვართ, რომ შეცდომების საფასური გადავიხადოთ. - "ინტერის” სასარგებლოდ, "მილანის” შემადგენლობიდან ვის თამაშს გამორიცხავდით? - იბრაჰიმოვიჩის არყოფნა საკმარისია. დანარჩენ ბიჭებთან მოედანზე შეხვედრა ძალიან გამახარებს. - ალეგრიმ თქვა - თანახმა ვარ, რომ დერბიში დავმარცხდე და ჩემპიონატი მოვიგოო. თქვენ ასეთ სიტუაციას დათანხმდებოდით? - დერბიში თუ დავმარცხდით, მეტოქეს ხუთი ქულით ჩამოვრჩებით. ამის შემდეგ "მილანის” დაწევა რთული იქნება. - "მილანის” კარში ექვსი გოლი გაქვთ გატანილი. ყველაზე მეტად რომელი მათგანი დაგამახსოვრდათ? - ის ოთხი გოლი, რომელიც "ინტერის” მაისურით გავიტანე. განსაკუთრებული კუთხურიდან გატანილი ბურთი იყო, თუმცა, ის შეხვედრა 2:3 დავთმეთ. - "ინტერის” ყველა ნახევარმცველი გამოჯანმრთელდა. არ გეშინიათ, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაკარგავთ? - მნიშვნელობა არ აქვს, ოთხმოცდაათ წუთს ვითამაშებ თუ ერთს, მთავარია, მატჩის შემდეგ როგორ განწყობაზე ვიქნები, ეს კი, მთელი გუნდის თამაშზეა დამოკიდებული. - თანახმა ხართ, "ინტერმა” სამი ქულა აიღოს და თქვენ მოედანზე საერთოდ არ გახვიდეთ? - რა თქმა უნდა!
|