იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს მომავალში, მილანის "ინტერი" მეკარეს შეიცვლის. Mediaset Premium-ის ცნობით, "ნერაძურის" ჟულიო სეზარი დატოვებს, რომელიც იმავე ქალაქის კლუბ "მილანში" გადავა, ხოლო Sky Italia-ს ინფორმაციით, ბრაზილიელ კიპერს სამირ ჰანდანოვიჩი შეცვლის. "ინტერმა" ასაკოვანი და მაღალხელფასიანი მოთამაშეების კლუბიდან გაშვება გადაწყვიტა. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი ჟულიო სეზარი იქნება, რომელსაც კონტრაქტი მალე გაუწყდება. იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით, 32 წლის მეკარე კონტრაქტს "მილანთან" გააფორმებს. სეზარის შემცვლელად "ინტერში" სამირ ჰანდანოვიჩი მოიაზრება. თუ იტალიურ პრესას დავუჯერებთ, მილანელებმა "უდინეზესთან" ტრანსფერის დეტალები უკვე შეათანხმეს. ჰანდანოვიჩის სანაცვლოდ, უდინელები თერთმეტ მილიონ ევროსა და დავიდე ფარაონის სატრანსფერო უფლებების ნახევარს მიიღებენ.
|