მილანის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სერია A-ს ხელმძღვანელობამ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამის მიზეზი შვედი ფორვარდის უღირსი საქციელი გახდა - გასულ კვირას, ბარისთან შეხვედრის მეორე ნახევარში იბრამ მარკო როსის მუცელში განზრახ ჩაარტყა. როსონერის თავდამსხმელის ეს უხეშობა მსაჯისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და სკანდინავიელს წითელი ბარათი აუფრიალეს. სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა აღნიშნული შემთხვევა ორშაბათს განიხილა და როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, შვედს 3 მატჩით აუკრძალა მოედანზე გასვლა. "მილანის" მესვეურთათვის, გულშემატკივართათვის და ალბათ, თვითონ ზლატანისთვისაც ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ამ სამ შეხვედრაში მოექცა 3 აპრილს გასამართი მილანური დერბიც. არ არის გამორიცხული, რომ ჩემპიონის ვინაობის გარკვევაში თანაქალაქელთა მომავალი დაპირისპირების შედეგი გადამწყვეტი აღმოჩნდეს. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ჩატარებულ მილანურ დერბიში ინტერის კარში გამარჯვების გოლი სწორედ იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა. "ნერაძურისთან" მატჩის გარდა, შვედი, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში 14 გოლი აქვს გატანილი, ვერც პალერმოსა და ფიორენტინასთან შეხვედრებსაც გამოტოვებს. სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა სასჯელი სხვა ფეხბურთელებსაც გამოუტანა. იბრაჰიმოვიჩის მსგავსად, 3-3 მატჩი გაუცდებათ პარმას ნახევარმცველ დანიელე გალოპასა და ლაციოს მცველ შტეფან რადუსაც, ხოლო მისი არგენტინელი თანაგუნდელი კრისტიან ლედესმა რომაელებს ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
|