უკვე გადაწყვეტილია, რომ მილანის ინტერს კლაუდიო რანიერი გაწვრთნის. 59 წლის სპეციალისტი ოფიციალურად დაინიშნა ნერაძურის თავკაცის პოსტზე. "ფეხბურთელებთან ბევრი საუბარი მომიწევს, რადგან ფსიქოლოგიური ფაქტორი მნიშვნელოვანია. ინტერი დიდი კლუბია და ქულების სასწრაფოდ დაგროვება სჭირდება, რათა ლიდერებში ამოჰყოს თავი. ჯან პიერო გასპერინის კრიტიკას არ დავიწყებ. მას სრული უფლება ჰქონდა, რომ გუნდი ისე ემართა, როგორც საჭიროდ თვლიდა, – განუცხადა რანიერიმ იტალიურ rai-ს. რაც შეეხება გასპერინის, მან სამარცხვინო შედეგები დატოვა კლუბში – ხუთი ოფიციალური შეხვედრიდან ერთიც ვერ მოიგო. რანიერისთვის ინტერი მე-11 კლუბია სამწვრთნელო კარიერაში: აქამდე უმუშავია პუტეოლანაში, კალიარიში, ნაპოლიში, ფიორენტინაში, ვალენსიაში, ჩელსიში, პარმაში, იუვენტუსსა და რომაში. ბოლოს რომაულ კლუბში იყო და გასული სეზონის ჩაგდებისთვის მოხსნეს.
|