"Corriere dello Sport"-ის ინფორმაციით, მასიმო მორატიმ როგორც იქნა გადაწყვიტა და კარლოს ტევესის ტრანსფერთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯები გადადგა. გუშინ, არგენტინელი ფორვარდის პირად აგენტს მილანური გრანდის სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა შეხვდა და როგორც შემდეგ გაირკვა, საუბარმა კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა. უფრო კონკრეტულად სწორედ ბრანკა მოგვითხრობს:
"დასამალი არ არის, რომ ტევესს ინგლისის დატოვება და კარიერის ან იტალიაში, ანაც ესპანეთში გაგრძელება სურს. შესაბამისად, ფეხბურთელის აგენტმა პირდაპირ მითხრა, რომ მისი კლიენტისთვის "ინტერი"ძალიან საინტერესო ვარიანტია. ჯერჯერობით, ოფიციალური წინადადება არ გაგვიკეთებია, მაგრამ არც ეს დროა შორს - ჩემი ინფორმაციით, მანჩესტერელები არგენტინელის სანაცვლოდ 56 მილიონ ევროს ითხოვენ და თუ ეს თანხა რეალურობამდე შემცირდება, მაშინ დიდია შანსი გარიგებაც შედგეს. კარგად ვიცი, რომ ტევესი უმაღლესი კლასის ფორვარდია და მის გადაბირებას 15 მილიონი ევრო არ ეყოფა, მაგრამ 56 მაინც ნამეტანია - უახლოეს დღეებში ინგლისელებს ოფიციალური წინადადებით მივმართავთ და ვნახოთ, რას გვიპასუხებენ”.
|