გასულ სეზონში „ინტერმა" შარშანდელთან შედარებით, ძალიან ცუდად იასპარეზა. 2010 წლის ევროპის ტრიუმფატორმა ვერც ჩემპიონთა ლიგაში გააწყო რამე და იტალიის ჩემპიონობაც თანაქალაქელ „მილანს" დაუთმო. თუმცა, „ნერაძურის" ფიასკოს ჰქონდა ობიექტური თუ სუბიექტორი მიზეზები და ახლა ამ მიზეზებზე აღარ ვისაუბრებთ, რადგან „ინტერის" წარუმატებლობაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა.
ახალი ის არის, რომ „ინტერს" იტალიაში დომინანტის როლის დაბრუნება უნდა. „ნერაძურის" ჯანპიერო გასპერინის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელზეც მასიმო მორატი უდიდეს იმედებს ამყარებს და ცდილობს, ფანებიც დაარწმუნოს იმაში, რომ გასპერინის ხელში „ინტერი" ისევ უძლეველი იქნება. მორატი ახლა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს და უკვე გადაწყვეტილია, რომ „ნერაძურიში" ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ჯონათანი (სანტოსიდან) გადავა.
ახალ სეზონს განსაკუთრებით იმედენიანად მილანელთა გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი დეიან სტანკოვიჩი ელის. ეს უკანასკნელი ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი, რაშიც მისი სიტყვებიდან თვითონ დარწმუნდებით:
„ახალი სეზონის დაწყებას ყველანი მოუთმენლად ველით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩემი თანაგუნდელი ძალიან მონდომებულია. „ინტერმა" ეს სეზონი ისე უნდა ჩაატაროს, როგორც ეკადრება. ახლა ყველა ძლიერდება. სატრანსფერო ბაზარზე მარტო გრანდები კი არ აქტიურობენ, საშუალო დონის კლუბები და სუსტებიც ყიდულობენ ახალ ფეხბურთელებს. ეს ყველაფერი
იმას ნიშნავს, რომ იტალიის ჩემპიონატის სტარტს მაქსიმალურად კარგად მომზადებულები უნდა შევხვდეთ, რადგან უკვე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ „სკუდეტოსთვის" ბრძოლა ისეთი დაძაბული იქნება, როგორიც დიდი ხანია, არ ყოფილა. ამ ეტაპზე ყველაფრით კმაყოფილი ვარ. მოსამზადებელი პროცესი კარგად მიდის და ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯებით."
„Sky Sport"-ის კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში სტანკოვიჩმა კონკრეტულად ჯანპიერო გასპერინიზეც ისაუბრა: „ჩვენი ახალი მწვრთნელი თითოეულ დეტალს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ფეხბურთელებს ძალიან ხშირად ცალ-ცალკე გვესაუბრება და დაწვრილებით გვიხსნის, რას ითხოვს თითოეული ჩვენგანისგან. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მწვრთნელის გაცნობის პროცესში ვართ, მაგრამ უკვე მოგვწონს მისი მიდგომა ნებისმიერ საკითხთან და მჯერა, რომ შეუძლია, „ინტერს" „სკუდეტო" დაუბრუნოს."
|