კვირას მილანური დერბი შედგება და ამ თემაზე იტალიურ სპორტულ პრესაში სულ უფრო და უფრო ხშურად საუბრობენ.
ვრცელდება კომენტარები, პროგნოზები და ანალიტიკური მასალები. ამჯერად ყველაზე საინტერესო კომენტარებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას...
ხავიერ ძანეტი (ინტერის კაპიტანი): იქნება თუ არა ეს ჩემი ბოლო დერბი? - როგორც მინიმუმ, სეზონის მეორე თამაში წინაა და თანაც, კარიერის დასრულებაზე ჯერ არ გამიკეთებია განცხადება.
რაც შეეხება მოახლოებულ დაპირისპირებას, ძალიან დაძაბული ბრძოლა იქნება, რომელიც ნებისმიერი შედეგით შეიძლება დასრულდეს. საერთოდ, დერბიში ფავორიტი არ არსებობს და ამაში არაერთხელ დავრწმუნებულვარ.
ისე კი, შესანიშნავ ფორმაში ვართ და მჯერა, რომ გამარჯვება სწორედ ჩვენ დაგვრჩება. "მილანის" ძლევა კიდევ გაგვიძლიერებს საკუთარი თავის რწმენას და იმედია, ეს ასეც მოხდება.
ჯუზეპე ბერგომი (ინტერის ლეგენდა): "ინტერი" საკმაოდ კარგ ფორმაშია და მიმაჩნია, რომ დღეს "მილანზე" უკეთეს ფეხბურთს თამაშობს. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ვფიქრობ, რომ ანდრეა სტრამაჩონი შეტევაზე გააკეთებს აქცენტს და ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება.
"მილანის" ყველაზე სუსტი რგოლი დაცვის ხაზია, რითაც ჩვენებმა უნდა ისარგებლონ. თუ შევუტევთ, გოლები აუცილებლად მოვა - ეს უნდა გვახსოვდეს. მეორე მხრივ, ზედმეტი თავდაჯერებულობა არ ივარგებს - მაქსიმალური კონცენტრაცია და თითოეული ბურთისთვის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.
ჯამპაოლო პაცინი (მილანის თავდამსხმელი): "ინტერთან" თამაშისთვის ისევე ვემზადები, როგორც სხვა ნებისმიერი მატჩისთვის. თუმცა, ფაქტია, რომ დერბი განსაკუთრებული ჯახია, რომელსაც გულშემატკივრები დიდი ხანი ელოდებიან.
ვეცდებით, გავაჩუმოთ კრიტიკოსები და ეს მეტად მნიშვნელოვანი მატჩი ჩვენი გამარჯვებით დავასრულოთ. სწორედ ასეთი თამაშების მოგებით სრულდება კრიზისი და ვფიქრობ, რომ ამჯერადაც ასე იქნება.
ის, რომ ყოფილ გუნდთან მიწევს დაპირისპირება, ჩემზე არანაირ ზეწოლას არ ახდენს. "ინტერში" თავს ზედმეტად ვგრძნობდი და როდესაც "როსონერის" წინადადება მივიღე, ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ. დღეს "მილანის" ღირსებას ვიცავ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ "ინტერს" გოლი გავუტანო.
|