ინტერის მთავარი მწვრთნელი ჯანპიერო გასპერინი ახალი სეზონისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადება და როცა კი საშუალება აქვს, ჟურნალისტებთანაც აქტიურად ურთიერთობს.
ამას წინათ, მილანის მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის კომენტარი გაგაცანით, რომელმაც მისი გუნდის მთავარ კონკურენტად ინტერი მიიჩნია. სწორედ ამ თემაზე დაეკითხნენ გასპერინის და მისგან შემდეგი მოისმინეს:
ჩემი აზრით, მომდევნო სეზონში უპრეცედენტოდ მაღალი კონკურენცია იქნება, რადგან სკუდეტოს მოგებისთვის ერთბაშად რამდენიმე გუნდის იბრძოლებს. მილანი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იუვენტუსი და რომა სერიოზულად ძლიერდებიან. ჩემი აზრით, ტურინელებსაც და დედაქალაქელებსაც უძლიერესი გუნდები ეყოლებათ - ამაში დასარწმუნებლად კი საკმარისია მათ სატრანსფერო პოლიტიკას გადავხედოთ. იუვეს მესვეურებმა ანდრეა პირლო, რეტო ციგლერი, შტეფან ლიხტშტაინერი და მიკელე პაციენცა დაიმატეს, მათ რიცხვს კი ალბათ მალე სერხიო აგუეროც დაემატება.
რაც შეეხება რომას, ეს გუნდი ბოიან კრკიჩით და ერიკ ლამელათი გაძლიერდა. არ შეიძლება ნაპოლის დავიწყებაც, გუნდის, რომელიც პროგრესირებს და ჩემი ინფორმაციათ, სატრანსფერო ბაზარზეც აპირებენ გააქტიურებას. მოკლედ, წინ უაღრესად საინტერესო სეზონი გველის, რომელიც აგვისტოს დასაწყისში მილანთან იტალიის სუპერთასის პაექრობით გაიხსნება. ვფიქრობ, ამ მატჩის მნიშვნელობასა და პრინციპულობაზე საუბარი ზედმეტია".
ჟურნალისტებს სამშობლოში მყოფი ხავიერ ძანეტიც გაესაუბრა და ინტერის ახალ მთავარ მწვრთნელზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა: გუნდში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მთავარი სიახლე კი უდავოდ ჯანპიერო გასპერინის მოსვლაა. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ მაღალი კლასის მწვრთნელია და ინტერში დიდი მიზნებით მოვიდა. ჩვენი სურვილიც ისაა, რომ ახალ დამრიგებელთან ერთად ყველა იმ ტურნირის მოგებისთვის ვიბრძოლოთ, სადაც მონაწილეობას ვიღებთ. სიმართლე გითხრათ, ლეონარდოს წასვლამ გული დამწყვიტა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გასპერინის კვალიფიკაციაში ეჭვი მეპარება - პირიქით, მას ბოლომდე ვენდობი და აქედან ვპირდები, რომ გუნდისგან სრული მხარდაჭერა ექნება.
|