დღეს, ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე "ინტერი" "რომას" მიიღებს და შეეცდება დამტკიცოს, რომ "ტრაბზონსფორთან" განცდილი მარცხი შემთხვევითობა იყო.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ეს შეხვედრა ჯანპიერო გასპერინისთვის არის, რომელსაც უკვე შეუდგა წყალი და პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მასიმო მორატი გამალებით ეძებს მის შემცვლელს. დასახელდა სავარაუდო კანდიდატებიც, რომელთაგან ერთ-ერთი ფაბიო კაპელო გახლავთ. მართალია, ინგლისის ნაკრების თავკაცმა მოვლენათა ასეთი განვითარება გამორიცხა, მაგრამ იგივე "გაძეტა დელო სპორტი" თავისას არ იშლის და ამტკიცებს, რომ ფაბიოს "ნერაძურის" სათავეში ხილვა სავსებით რეალურია. ლაპარაკია იმაზე, რომ კაპელომ "ინტერის" გაწვრთნა ინგლისის ნაკრებში მუშაობას შეუთავსოს.
კაპელო იქით იყოს და გასპერინი ჯერ კიდევ პოსტზეა და ცდილობს გამოასწოროს არსებული ვითარება. ვითარება კი მეტად მძიმეა, სეზონის სტარტზე "ინტერმა" სამი მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგო: ჯერ იტალიის სუპერთასი დათმო "მილანთან" პაექრობაში, შემდეგ სერია A-ს მეორე ტურში "პალერმოსთან" დამარცხდა, ბოლოს კი ჩემპიონთა ლიგაშიც შერცხვა და "ტრაბზონსფორს" თურქეთში სამი ქულა გაატანა. საინტერესოა, როგორ "ინტერს" ვიხილავთ "რომასთან" პაექრობაში? - ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ...
როგორც იტალიელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, გასპერინი შეცვლის ტაქტიკურ მონახაზს და გუნდს 4-3-1-2-ზე გადაიყვანს. აქამდე, "ინტერი" სამი ნომინალური მცველით თამაშობდა, ანუ იმ სქემით, რომელსაც გასპერინი "ჯენოაში" მუშაობისას იყენებდა. ბევრის აზრით, "ნერაძურის" წარუმატებელი ასპარეზობის მთავარი მიზეზით სწორედ ახალი ტაქტიკაა, რომელსაც სენიორ ჯანპიერო სავარაუდოდ სწორედ "რომასთან" პაექრობაში შეცვლის. შეტევის წინა ხაზზე ორი დიეგოს, მილიტოსა და ფორლანის ტანდემს ვიხილავთ, რომლებსაც უკნიდან ვესლი სნეიდერი დაეხმარება. შუა ხაზს ხავიერ ძანეტი, ესტებან კამბიასო და დეიან სტანკოვიჩი გაამაგრებენ, მათ უკან კი დაცვის შემდეგი ოთხეული გაირჯება: ჯონათანი, ლუსიო, სამუელი და ნაგატომო.
ანუ, "რომასთან" პაექრობაში ძველი ფორმაციით მოასპარეზე "ინტერს" ვიხილავთ და ვნახოთ, გამართლდება თუ არა გასპერინის არჩევანი. თუმცა, ეგეც საკითხავია, მწვრთნელი ცვლის თუ არა ტაქტიკას - იტალიაში დარწმუნებულნი არიან, რომ 3-4-3-დან 4-3-1-2-ზე გადასვლა მასიმო მორატის გადაწყვეტილება გახლავთ.
დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობაა რომაელთა ბანაკშიც - ახალი მწვრთნელი, ახალი გუნდი და წარუმატებელი სტარტი როგორც შიდა, ასევე ევროპულ ფრონტზე. უფრო სწორად, ევროპული ასპარეზი "რომამ" უკვე დაასრულა და მთლიანად ეროვნულ ჩემპიონატზე გადაერთო. მიუხედავად ამისა, ლუის ენრიკეს შეგირდებმა ვერც სერია A-ს მეორე ტურში ივარგეს და საკუთარ მოედანზე "კალიარისთან" დამარცხდნენ.
თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, მილანურ გრანდს რომაელები 4-3-3 ტაქტიკით დაუპირისპირდებიან, შეტევაში კი ფრანჩესკო ტოტის, მარკო ბორიელოსა და ბოიან კრკიჩის ტრიოს ვიხილავთ. ლუის ენრიკეს თქმით, მისი გუნდი აუცილებლად შემტევ ფეხბურთს ითამაშებს:
"გუნდის გარშემო გაუსაძლისი ატმოსფეროა შექმნილი, რადგან ვისაც არ ეზარება, ყველა ჩვენი კრიტიკით არის დაკავებული. მთავარია, ამ წნეხს გავუძლოთ და მხოლოდ კონკრეტულ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმის მოპოვებაზე მოვახდინოთ კონცენტრირება. დიახ, მილანში გამარჯვებისთვის მივდივართ და ყველაფერს ვიღონებთ, რომ მიზანს მივაღწიოთ. სტრატეგია უცვლელია, "რომა" აუცილებლად შეუტევს, დანარჩენი კი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება".
ინტერი-რომა 22.45 დისკვალიფიკაცია: ანხელი (რომა). ტრავმა: ვივიანო, მაიკონი, ტიაგო მოტა, კივუ, პოლი - სისინიო, გრეკო, ჟუანი
უკვე ცნობილია ორივე გუნდის განაცხადი სერია ა-ს მესამე ტურის მატჩისთვის, სადაც ინტერი" ჯუზეპე მეაცაზე უმასპინძლებს რომას. თამაში შაბათს 22:45 დაიწყება. 12 მილიონად შეძენილი ერიკ ლამელა, რომელიც რომამ რივერ პლეიტიდან გადმოიყვანა, ტრამვის გამო არ ჩაფრინდა მილანში. ასევე მატჩში ვერ მიიღებენ მონაწილეობას ჟუანი და სისინიო.
რომა: მეკარეები: ბოგდან ლობონცი, მარტენ სტეკელენბურგი, ჯანლუკა კურჩი;
მცველები: გაბრიელ ჰაინცე, ნიკოლას ბურდისო, სიმონ კიაერი, მარკო კასეტი, ალესანდრო როზი;
ნახევარმცველები: დავიდ პისარი, როდრიგო ტადეი, მირალემ პიანიჩი, დანიელე დე როსი, ფერნანდო გაგო, სიმონე პეროტა;
თავდამსხმელები: პაბლო ოსვალდო, ფრანჩესკო ტოტი, ბოიან კრკიჩი, მარკო ბორიელო, ფაბიო ბორინი.
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე.
ინტერს ტრამვის გამო ვერ დაეხმარებიან: დეიან სტანკოვიჩი, ტიაგო მოტა და კრისტიან კივუ.
ინტერი:
მეკარეები: ჯულიო სეზარი, ლუკა კასტელაცი, პაოლო ორლანდონი;
მცველები: ხავიერ ძანეტი, ლუსიო, ანდრეა რანოკია, ვალტერ სამუელი, მარკო ფარაონი, ჯონატანი, მატეო ბიანკეტი, იუტო ნაგატომო;
ნახევარმცველები: უესლი სნეიდერი, რიკი ალვარესი, ესტებან კამბიასო, ჟოელ ობი, ფილიპე კოუტინიო, სალი მუნტარი;
თავდამსხმელები: ჯამპაოლო პაცინი, დიეგი მილიტო, დიეგო ფორლანი, მაურო სარატე, ლუკ კასტანიოსი.
მთავარი მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.
|