ჯერ "ყველაზე მთავარი" ამბავი: სულეი ალი მუნტარის ყელში ამოუვიდა ის, რომ სულეი ალი მუნტარის ეძახიან და ცოტა არ იყოს, ხმამაღლა თქვა, მე მუნტარი ალი სულეი მქვია და სულეი მუნტარის ნუ მეძახითო. ა-ჰა!
სხვათა შორის, "ინტერში" ყოფნისას "ბიდონეს" უწოდებდნენ, რაც ნაგვის ურნას ნიშნავს, საფეხბურთო თვალსაზრისით კი ეს "ნერაძურიში" უკიდურესი შეურაცხყოფაა - გინდა ასეთი ფეხბურთელი გყოლია განაცხადში და გინდა... ჰმმმ... კიტრი.
ისე, "ინტერის" ქომაგებს არაერთი "ბიდონე" (მრავლობითში "ბიდონი") ახსოვთ და სხვათა შორის, საკმარისია, ამ გუნდში რომელიმე მოთამაშემ "კიტრის" სტატუსი მიიღოს, რომ ერთადერთი გამოსავალი რჩება: გადავიდეს "მილანში"!
ცოტა ხნის წინ სულეისაც (თუ მუნტარის, ან, მოკლედ, როგორც არის) ასეთი სტატუსი და ბედი ხვდა წილად და მან "ინტერის" ფორმა "მილანის" ფორმაზე გაცვალა. 27 წლის განელი ნახევარმცველი "ინტერს" თავის დროზე (2008-ში) 14 მილიონი ევრო დაუჯდა, მაგრამ "ნერაძურიში" ხეირიანი ვერაფერი გააკეთა და მისი ფასი იმდენად დაეცა (კიტრი ხომ ფეხბურთელზე გაცილებით იაფია), რომ "ინტერმა" თავისი მორიგი "ბიდონე" იანვარში "მილანს" უფასოდ ათხოვა. "როსონერიში" კი ამ პატიოსან კაცს კვირას ჰქონდა დებიუტი და მერე როგორი - მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ასე განსაჯეთ, სადებიუტო მატჩში გოლიც კი გაიტანა.
არა, არა, როგორ გეკადრებათ - ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ისტორიას არაერთი ისეთი ფეხბურთელი ახსოვს, რომელსაც "ინტერში" არაფერი გამოუვიდა, "მილანში" კი ფრენა დაიწყო.
მაგალითად, კლარენს ზეედორფი, რომელიც ერთ დროს სწორედ "ინტერში" თამაშობდა, სანამ "მილანს" ფრანჩესკო კოკოში (აბა, ვის ახსოვს ეს კაცი?) არ გაუცვალეს. ამის შემდეგ ზეედორფი ისევ ნაღდი ზეედორფი გახდა. ან ანდრეა პირლოს მაგალითის მოყვანა რად ღირს, რომელსაც "ინტერის" ფანები "პირლას" უწოდებდნენ, რაც მილანურ დიალექტდზე მამაკაცის სასქესო ორგანოს ნიშნავს. გადავიდა პირლო მილანში და... ამ ისტორიის გაგრძელება ყველამ იცის!
"თქვენ ალბათ გინება ატეხეთ, როცა მუნტარიმ მილანის ფორმით გოლი გაიტანა..." - კბილები დაუკრიჭა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კვირას "ინტერის" თავკაც კლაუდიო რანიერის.
"სისულელეა! ჩვენი ბედის ამბავი რომ ვიცი, "მილანის" ფორმით "ინტერის" მამასახლისიც კი გოლების გატანას დაიწყებს," - არანაკლებ გემრიელი იყო რანიერის პასუხიც.
მართალია, "ინტერის" მამასახლის-ზავხოსი 60 წლისაა, მაგრამ მერე რა - ამ ისტორიების ფონზე ასეთი რისკი ნამდვილად გამართლებული იქნებოდა...
* * * ზოგადად, "ინტერის" გულით ტარება დღესდღეობით იმის ტოლფასია, რომ ათასი ნემსი გქონდეს შერჭობილი. პარასკევს "ნერაძურიმ" მორიგი აბსურდი ჩაიდინა და საკუთარ მოედანზე "ბოლონიასთან" 0:3 დამარცხდა. მოგეხსენებათ, იტალიელებს იუმორი უვარგათ და თუ "ინტერის" ფანებს სატირული განწყობის სურვილი ჯერ კიდევ შერჩათ, იმას მაინც იტყოდნენ, "ჯუზეპე მეაცაზე" მისვლა ბოლონიელთა გოლების ნახვად მაინც ღირდაო.
აი, 9 წლის ფილიპოს კი ხუმრობისთვის ნაღდად აღარ სცხელოდა. ამ "ბამბინომ" ტრიბუნაზე ასეთი შინაარსის ტრანსფარანტი გაშალა: "შეგიძლიათ, რომ მოიგოთ? სკოლაში უკვე მაგრად დამცინიან! გრაციე!"
ინტერისტებმა ფილიპოს თხოვნა ვერ შეუსრულეს და ბალანსი "გააუმჯობესეს" - ერთი ფრე, ხუთი წაგება, ბურთების შეფარდება 4:15 ბოლო ექვს მატჩში. მეორე დღეს, ტურინში (იუვენტუსი-კატანია 3:1) ასეთი შინაარსის ტრანსფარანტი გამოჩნდა: "ფილიპო, ან სკოლა გამოიცვალე, ანაც გუნდი, რომელსაც ქომაგობ!"
ფილიპოსი ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ისევ ღვაწლმოსილ და პატიოსან ხავიერ ძანეტის შერცხვა. "ნერაძურის" არგენტინელმა კაპიტანმა კვირას ეს ბავშვი ბაზაზე დაპატიჟა. შეწუხებული იყო ანდრეა რანოკიაც. მან და ძანეტიმ ფილიპოს სახალხოდ დაუჩოქეს და ბოდიში მოუხადეს.
მერე ძანეტი ფილიპოს სახლშიც ესტუმრა და მასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო, მანამდე კი, ბავშვი რანიერისაც შეახვედრეს და ფილიპომ "ინტერის" თავკაცს უთხრა, ბიჭები კარისკენ ძალიან იშვიათად ურტყამენ და რა გასაკვირია, რომ გოლები ვერ გაგვაქვსო. მშვენიერი შენიშვნაა და თუ "ინტერმა" შედეგები მაინც არ გამოასწორა, ფილიპოს, ბოლოს და ბოლოს, მართლა შეუძლია სკოლის ან გუნდის გამოცვლა...
|