ნერაძური შერცხვა, წააგო რა უკვე მეორედ სერი ა-ს ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფ გუნდთან. ცნობილი იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი „ინტერის" მთავარ მწვრთნელად მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი წინამორბედის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა „ნოვარასთან" წააგო. მორატიმ ჯან პიერო გასპერინის გათამაშების აუტსაიდერთან მარცხი არ აპატია და ალბათ „ნერაძურის" პრეზიდენტი ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი გუნდი „ნოვარასთან" მილანშიც წააგებდა.
ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში, რა თქმა უნდა, დიდ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პირველ ტაიმში, როდესაც გარსიამ პოლი საკუთარ საჯარიმოში წააქცია, არბიტრს თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მართებდა, მაგრამ კარმინე რუსომ „ნოვარა" დაინდო.
სტუმრებმა პირველი სახიფათო მომენტი მე-2 ტაიმში შექმნეს. 56-ე წუთზე, კარიდან დაახლოებით ოც მეტრში მყოფმა კარაჩოლომ ჟედას გადაცემა მიიღო, კივუ მარტივი მოძრაობით მოატყუა და სეზარისგან შორეულ კუთხეში მოჭრილი დარტყმით ანგარიში გახსნა. ბუნებრივია, შეხვედრის დარჩენილ ნაწილში, „ინტერის" ფეხბურთელებმა გოლის გატანას ცდა არ დააკლეს, მაგრამ „ნოვარამ" ათმატჩიანი მოუგებელი სერია მაინც შეწყვიტა, ხოლო „ნერაძურიმ" ბოლო 4 თამაშიდან მე-3 წააგო.
|