ინგლისური ფეხბურთის ვეტერანი, ნაკრების ყოფილი კაპიტანი, დღეს „ლოს ანჯელეს გელექსის" მოთამაშე, 36 წლის დევიდ ბექჰემი თავის ყოფილ კლუბს, „მანჩესტერ იუნაიტედს" 27 წლის ჰოლანდიელი ვესლი სნეიდერის ყიდვას ურჩევს. ნახევარმცველი ძალიან კარგად იცნობს სნეიდერს, რომელიც წლების წინ მადრიდის „რეალში" სწორედ მის შემცვლელად მიიყვანეს. ბექჰემმა თქვა:
„სნეიდერი მეტად ნიჭიერი ფეხბურთელია. ის კარგი ადამიანიც არის და დარწმუნებული ვარ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი" ტყუილად არ იყიდის, ის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდება. ეჭვი არ არის, ის „ოლდ ტრეფორდზე" საქმეს გააკეთებს".
მანჩესტერელთა ყოფილმა ვარსკვლავმა დასძინა, რომ მისი აზრით „იუნაიტედს" აუცილებლად სჭირდება პოლ სქოულზის შემცვლელი. სქოულზმა, მოგეხსენებათ, ამ წლის გაზაფხულზე ფეხბურთის თამაშს თავი დაანება. „სქოულზი უნიჭიერესი ნახევარმცველი იყო. ის გუნდს დააკლდება. მის ნაცვლად საგანგებო ნიჭის მქონე მოთამაშის მიყვანაა საჭირო".
სქოულზი ბექჰემის ბავშვობის მეგობარია. ისინი „მანჩესტერ იუნაიტედის" სკოლაშიც კი ერთად იყვნენ. მათთან თამაშობდა „იუნაიტედის" კიდევ ერთი ფეხბურთელი, მცველი გარი ნევილიც, რომელმაც ასევე ცოტა ხნის წინ დაასრულა ფეხბურთელის კარიერა, თუმცა, როგორც ჩანს, ძმაკაცებისგან განსხვავებით ბექჰემი მოედნის დატოვებას ჯერ არ აპირებს:
„ლოს ანჯელესის გუნდთან კონტრაქტის თანახმად ბოლო წელიწადიღა მაკავშირებს, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ამერიკის ლიგაში თამაში. „გელექსის" თავისი ხიბლი აქვს, აქ შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ და ბრუს არენაც შესანიშნავი მწვრთნელია".
|