ბრაზილიელი ფლეიმეიქერის აგენტმა, რობერტო კალენდამ განაცხადა, რომ ახალგაზრდა შემტევმა თავდაპირველად მილანის "ინტერში" გადასვლა აირჩია, თუმცა, გარიგება არ შედგა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგუმა "პარიზ-სენთ ჟერმენმა" ლუკას მოურა "სან-პაულუდან" 40 მილიონ ევროდ გაიფორმა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ვუნდერკინდის შეძენაზე პრეტენდენტები მადრიდის "რეალი", მილანის "ინტერი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო.
"მე შემიძლია ავხსნა ეს სიტუაცია, რადგანაც ვიყავი ის ადამიანი, რომელიც იტალიაში ლუკასის ინტერესებზე კითხვებს პასუხობდა. "ინტერმა" მას თვალი ნახევარი წლის წინ დაადგა. ლუკასის ოჯახი მილანს ეწვია და "სან-სიროზე" ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის თამაშს ესწრებოდა, როდესაც "ნერიაძურის" კლაუდიო რანიერი ხელმძღვანელობდა."
"იყო, ასევე, სხვა კლუბებიც, რომლებსაც მისი შეძენა ძალიან სურდათ. უპირველეს ყოვლისა "რეალი", ხოლო ნაკლებად - "იუნაიტედი", სადაც ფეხბურთელს გადასვლა არ უნდოდა."
"შედეგად ლუკასმა იტალია აირჩია და "ინტერს" თანხმობა განუცხადა, მაგრამ კლუბებს შორის გარიგება არ შედგა. მოვლენების ასეთმა განვითარებამ გზა "პსჟ-ს" გაუხსნა. "ინტერს" შეეძლო ლუკასი გაეფორმებინა, მაგრამ ფინანსური კრიზისი გამო ამის გაკეთება ვერ მოახერხა" - განაცხადა მოურას აგენტმა.
|