მილანის "ინტერის” მცველმა, ლუსიომ განაცხადა, რომ "რომას” გოლკიპერ მარტენ სტეკელენბურგისთვის ტრავმის მიყენება არ სურდა.
"ეს ეპიზოდი ტელევიზორში ვნახე და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ერთ წამში მოხდა. სტეკელენბურგს ვერ ვხედავდი, რადგან ბურთს ვუყურებდი. შესვენების დროს, "რომას” ექიმებს ვესაუბრე. მათ მითხრეს, რომ მარტენი მწყობრში მალე ჩადგებოდა. ცხოვრებაში არასდროს მდომებია ჩემი კოლეგისთვის ტრავმის მიყენება. ვწუხვარ, რომ ასე მოხდა”, - განაცხადა ლუსიომ.
თავის მხრივ, კომენტარი "რომას” მეკარემაც გააკეთა: "სიმართლე გითხრათ, არაფერი მახსოვს. დავინახე, რომ ლუსიო ჩემსკენ მორბოდა, შემდეგ კი, თვალებში დამიბნელდა. იმედია, რაც შეიძლება მოკლე დროში დავუბრუნდები მოედანს”.
იტალიის სერია A-ს მე-3 ტურის მატჩში, სადაც ერთმანეთს "ინტერი” და "რომა” დაუპირისპირდნენ (0:0), ჰოლანდიელმა მეკარემ სერიოზული დარტყმა მიიღო. შეხვედრის მე-16 წუთზე, ლუსიოს მოქნეული ფეხი სტეკელენბურგს სახეში მოხვდა, რის გამოც გონი დაკარგა და შესაცვლელი გახდა.
|