ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და მილანის ინტერის მცველის, ლუსიოს საფეხბურთო აგენტი, ხვალ იტალიაში ჩავა და კლუბის ხელმძღვანელობასთან მისი კლიენტის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს. Football Italia-ს ცნობით, 33 წლის ბრაზილიელის მოქმედი კონტრაქტი 2012 წლის ივნისში იწურება და მისი გახანგრძლივება ორივე მხარეს სურს. მიუხედავად ასეთი სურვილისა, მხარეებმა აქამდე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რისი მიზეზიც ახალი კონტრაქტის ხანგრძლივობა გახდა. ლუსიოს სურს, რომ ინტერთან ხელშეკრულება 2014 წლამდე გააფორმოს, იტალიური მხარე კი, მას მხოლოდ დამატებით ერთწლიან ურთიერთობას სთავაზობს. ახლანდელი შეთანხმებით, ბრაზილიელი ფეხბურთელი ხელფასის სახით წელიწადში 3 მილიონ ევროს იღებს. ლუსიო ინტერში 2009 წელს მიუნხენის ბაიერნიდან გადავიდა და სერია A-ს 62 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა. ყველა ტურნირში ერთად აღებული, მან ლურჯ-შავი მაისური 93 მატჩში მოირგო და სამი გოლი გაიტანა.
|