მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა მარკო მატერაციმ საკუთარი საფეხბურთო კარიერის უდიდესი და ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი მილანის "ინტერში” გაატარა. მატერაცი 2001-11 წლებში იცავდა "ნერაძურის” ღირსებას და მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა (2010), იტალიის პირველობა (2006, 2007, 2008, 2009, 2010) და თასი (2005, 2006, 2010, 2011) მოუგია. გასულ გაზაფხულს მარკომ აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა, თუმცა, მოარულ ხმებს თუ ვერწმუნებით, იტალიის 2007 წლის საუკეთესო მცველი მწვანე მინდორზე დაბრუნებას აპირებს. სწორედ ამ კითხვით დაიწო მატერაცისა და ჟურნალისტის დიალოგი.
- თქვენ შესახებ სხვადასხვაგვარი და წინააღმდეგობრივი ცნობები ვრცელდება. ზოგიერთი გამოცემა ამტკიცებს, მარკო მატერაციმ ბუცები ლურსმანზე საბოლოოდ ჩამოკიდა, ზოგიერთი გაზეთის ინფორმაციით, შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა განაგრძოთ... - სადღეისოდ აგენტის ფუნქციებით ვარ დაკავებული, თუმცა, სამომავლოდ რა იქნება, მეც არ ვიცი... მოდით, ამ თემაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.
- კეთილი. მოდით რამდენიმე კითხვას თქვენ მიერ განვლილი საფეხბურთო კარიერიდან დაგისვამთ. რომელ მწვრთნელს ემადლიერებით ყველაზე მეტად? - დაუფიქრებლად მოგახსენებთ – ჟოზე მოურინიოს. მას ერთდროულად 50 ადამიანის შეკავშირება და ერთი მიზნით გაერთიანება შეუძლია. პორტუგალიელი სპეციალისტის მეთაურობით ფეხბურთელები, სადამრიგებლო შტაბი, ექიმები, ტექნიკური პერსონაჟი თავიანთ საუკეთესო თვისებებს ავლენენ და ამაში ლომის წილი სეუ ჟოზეს მიუძღვის. არასდროს დამავიწყდება მისი სიტყვები მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესვენებისას. როდესაც "სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონის მინდვრიდან გასახდელში შევიკრიბეთ, მოურინიომ მხოლოდ ესღა გვითხრა, ჩემი გუნდი ზომაზე მეტად კარგად თამაშობს. ეს ეშმაკური სვლა გახლდათ. მწვრთნელმა დაუფარავად მიგვანიშნა, რომ ჩვენით კმაყოფილი იყო და ამავდროულად, მეტი თავდაჯერებულობაც შეგვძინა. არ მოვდუნებულვართ, მეორე ტაიმშიც კარგად ვითამაშეთ და "ბაიერნის” ძლევით ჩემპიონთა ლიგის თასი მოვიპოვეთ.
- ადრე განაცხადეთ, რომ მოურინიოს ფეხბურთელის მენტალობის შეცვლაც შეუძლია. პირადად თქვენ შეიცვალეთ? - "ინტერში” მოურინიოს მოსვლამდე უფრო მეტს ვთამაშობდი, ვიდრე მისი მთავარ მწვრთნელად გახდომის შემდეგ, მაგრამ სეუ ჟოზემ შთამაგონა, რომ "ნერაძურისთვის” მეტად მნიშვნელოვანი მოთამაშე ვიყავი. როდესაც იგი შემადგენლობაში მაყენებდა, ყოველთვის ფრიად მოტივირებული და კარგ ფორმაში მყოფი გახლდით.
- 10 წელი გაატარეთ "ინტერში”. თუ იყო თქვენ საფეხბურთო ცხოვრებაში მომენტი, როდესაც ახლოს იყავით "მილანში” გადასვლასთან? - 2005 წლის დეკემბერში "ინტერის” სასტარტო შემადგენლობაში ვერ ვხვდებოდი, არადა, მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდებოდა და მუნდიალზე ასპარეზობაზე ვოცნებობდი. "მილანმა” თავისთან მიმიწვია. საკონსულტაციოდ "სკუადრა აძურას” მთავარ მწვრთნელს მივმართე. მარჩელო ლიპიმ მითხრა, კლუბში არცთუ რეგულარული ასპარეზობის მიუხედავად, გერმანიაში მაინც წაგიყვანო. ამ სიტყვების შემდეგ "როსონერიზე” არასდროს მიფიქრია. შავ-წითელ ფორმაში ჩაცმული საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია.
- "მადონინას” სახელით ცნობილი მილანური დერბი ყოველთვის საინტერესოა, თუმცა "ინტერისა” და "მილანის” ყველაზე დასამახსოვრებელი პაექრობაც გექნებათ... - გეხსომებათ 2006 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ, შემოდგომაზე ჩვენი დაპირისპირება 4:3 დასრულდა. ის შეხვედრა უხვგოლიანობის გამო არ დამამახსოვრდა განსაკუთრებით. მსაჯმა მინდვრიდან გამაძევა. ჩემ შვილს დავპირდი, რომ დაბადების დღეს "სან სიროს” მინდვრიდან მივულოცავდი. საჯარიმო დარტყმის გათამაშების შემდეგ "მილანის” კარში მეოთხე გოლი გავიტანე, მაისური ავიწიე და წარწერა – დაბადების დღეს გილოცავ, დავიდ – ჩემ შვილთან ერთად ყველამ წაიკითხა. მსაჯმა ყვითელი ბარათი მიჩვენა, მოგვიანებით მეორედაც გამაფრთხილა და მინდვრიდან გამაძევა. ამის მიუხედავად, 5 წლის დავიდი ძალიან ბედნიერი იყო.
- ფეხბურთის გარდა, შემოსავლის სხვა წყარო გაქვთ? - საკუთარი მარკის ტანსაცმლით, რომელსაც Resho შევარქვი, ვვაჭრობ. ძირითადად ახალგაზრდული სტილის ტანისამოსის შექმნითა და რეალიზაციით ვარ დაკავებული. ამ საქმიანობაში კომპანიონი მყავს და ჩვენ ორნი ვუძღვებით თავიდან ბოლომდე ამ საქმეს. სერიოზულად ვფიქრობთ ბიზნესის გაფართოებაზე და სხვადასხვა ქვეყნებში გასვლაზე. მე მგონი ობიექტური ვარ, როცა ჩვენი პროდუქცია მომწონს. ის მართლა კარგია და ახალგაზრდები იმიტომ სულაც არ ყიდულობენ, მარკო მატერაცის ფირმის რომაა.
- საინტერესო წიგნი დაწერეთ სათაურით "რა ვუთხარი სინამდვილეში ზიდანს”. იგი საკმაოდ დიდი ტირაჟით გაიყიდა. ლიტერატურულმა ნაწარმოებმა ფინანსურად გახეირათ? - დიდი მოგება ნამდვილად არ მქონია. უმჯობესია მკითხოთ, რატომ დავწერე წიგნი. მსოფლიოს ჩემპიონატიდან 3 წლის თავზე მაინც ხომ უნდა მომეფინა ნათელი სინამდვილისათვის. ისე, რომ იცოდეთ, ავტობიოგრაფიული ჟანრის ნაწარმოები 2005 წელს უკვე გამზადებული მქონდა, მაგრამ მისი გამოცემა არ ვიჩქარე და როგორც ხედავთ, არც შევმცდარვარ. მოგვიანებით ჩემ წიგნს 2 თავი დავამატე. პირველი მუნდიალ2006-ს შეეხებოდა, მეორე კი ზინედინ ზიდანთან მომხდარ ინცინდენტს. თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარ წიგნს საკმაოდ ხშირად ვკითხულობ და ზოგიერთი ეპიზოდის კიდევ ერთხელ გახსენებისას, თვალზე ცრემლიც კი მადგება.
- თქვენმა შვილებმა თუ იხილეს საფრანგეთთან ჩატარებული ფინალი? - ისინი ბერლინის სტადიონზე იყვნენ. ეს არენა ძალიან დიდია და ბავშვებმა დიდი დისტანციიდან კარგად ვერც კი დაინახეს, რაც მოხდა. მათ რამდენჯერმე მუნდიალის გადამწყვეტი მატჩის ვიდეოჩანაწერი ნახეს, მაგრამ ჩემთვის კითხვა არ დაუსვამთ.
- ბერლინური ფინალიდან რამდენიმე წლის შემდეგ ზინედინ ზიდანს შეხვდით... - ეს შემთხვევით მოხდა. გასულ წელს ჟოზე მოურინიომ მადრიდის "რეალი” მილანში საჩემპიონთალიგო მატჩის ჩასატარებლად ჩამოიყვანა. ყოფილი დამრიგებლის მოსანახულებლად სასტუმროში წავედი. ავტომანქანის პარკირების ადგილად ზიდანს შევხვდი და ხელი გავუწოდე. მან, რასაკვირველია, მიცნო, მაგრამ საღამოს ვახშმობისას ჟურნალისტებს განუცხადა, მატერაცი ვერ ვიცანი და რიგითი გულშემატკივარი მეგონაო. თუკი ზიზუს კიდევ ერთხელ სადმე გადავეყრები, ხელს ჩამოვართმევ, მასზე ნაწყენი აღარ ვარ.
|