
მარსელი-ინტერი 1/8-ფინალების კენჭისყრის შემდეგ, ამ წყვილის ფავორიტად "ინტერი” მიიჩნეოდა, მაგრამ დღეს ასეთი რამის თქმა ნამდვილად არ შეიძლება. ამის მიზეზი ისაა, რომ ბოლო დროს, "მარსელი” ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებს, "ინტერი” კი პირიქით – თამაშს თამაშზე აგებს. "ინტერის” სასარგებლოდ არც ურთიერთშეხვედრების ისტორია მეტყველებს. გუნდები აქამდე ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ. 2004 წელს, უეფას თასის 1/4-ფინალში, "მარსელმა” ორივე თამაში მოიგო, ჯამში 2:0. "მარსელს” იტალიურ გუნდებთან ჩატარებულ თექვსმეტ მატჩში 6 მოგება, 5 ფრე და ამდენივე მარცხი დაუგროვდა. საკუთარ კედლებში, ფრანგებმა 4-ჯერ მოიგეს, ერთხელ ფრედ ითამაშეს და 2-ჯერ წააგეს. "ინტერი” საფრანგეთის წარმომადგენლებს 22-ჯერ შეხვედრია. მილანელებმა 10-ჯერ მოიგეს, 6-ჯერ ფრედ ითამაშეს და 6-ჯერ წააგეს. გასვლაზე, "ინტერს” 5 მოგების წილ, 3-3 ფრე და წაგება აქვს. თამაშის განსასჯელად უეფამ ჯიუნეით ჩაქირი მიავლინა. თურქ არბიტრს ორივე გუნდის თამაშში თითოჯერ უმსაჯია. 2010 წელს, უეფას თასის 1/16-ფინალში, "მარსელმა” საკუთარ კედლებში "კოპენჰაგენი” 3:1 დაამარცხა. იმავე წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ინტერი” ბრემენში 0:3 განადგურდა. ტრავმების გამო, მასპინძლებს სტეფან მბია და ლოიკ რემი, ხოლო სტუმრებს რიკარდო ალვარესი არ ეყოლებათ. • "მარსელი” უკვე 15 მატჩია წაუგებელია. დეშანის შეგირდებმა ამ 15 თამაშიდან 12 მოიგეს; • ბოლო 6 თამაშიდან, "ინტერმა” 5 წააგო და 1 ფრედ ითამაშა; • მიმდინარე გათამაშებაში, "ინტერი” გასვლაზე ჯერ არ დამარცხებულა; • "მარსელმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 საშინაო მატჩი წააგო და ორივე ანგარიშით 0:1; • დიდიე დეშანმა კლაუდიო რანიერი 2003-04 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში დაამარცხა, როდესაც პირველი მათგანი "მონაკოს” წვრთნიდა, ხოლო მეორე – "ჩელსის”; • თუ ინტერტოტოს თასის თამაშს არ ჩავთვლით, "მარსელს” იტალიური გუნდისთვის ერთზე მეტი გოლი არასდროს გაუტანია; • "მარსელი” ერთადერთი გუნდია, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში გამარჯვება მოახერხა მიუხედავად იმისა, რომ 0:2 მარცხდებოდა; • ჩემპიონთა ლიგაზე, "ინტერის” მიერ გატანილი ბოლო 4 გოლი ამდენივე არგენტინელის ანგარიშზეა (მილიტო, ალვარესი, სამუელი და კამბიასო); • "მარსელის” ფეხბურთელები დამაგვირგვინებელ ფაზაში ცუდად თამაშობენ. მათი დარტყმებიდან კარში მხოლოდ 38% წავიდა, რაც 1/8-ფინალისტთა შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია; • ჯგუფურ ეტაპზე, "ინტერმა” კუთხურიდან 3 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია; • თუ დღეს "ინტერმა” იმარჯვა, მილანელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე 50 მოგება დაუგროვდებათ. სავარაუდო შემადგენლობები მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ასპილიკუეტა, დიავარა, ნ’კულუ, მორელი, დიარა, კაბორე, ამალფიტანო, ვალბუენა, ა. აიუ, ბრანდაო. ინტერი (4-4-1-1): სეზარი, მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო, ძანეტი, სტანკოვიჩი, კამბიასო, პოლი, სნეიდერი, მილიტო. მსაჯი: ჯიუნეით ჩაქირი (თურქეთი).
|