მარსელი-ინტერი 1:0 "ოლიმპიკმა" სულ ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო და უნდა ვაღიაროთ, რომ ცოტათი გაუმართლა. "ინტერის" კრიზისი კი გრძელდება...
რეაქციები დიდიე დეშამი (მარსელის მწვრთნელი): "ინტერი" 0:0-ით კმაყოფილი იყო, ჩვენ კი აუცილებლად მოგება გვინდოდა და კარგია, რომ გოლი ბოლო წუთზე გავიტანეთ, რადგან მილანელებს აღარ დარჩათ იმის დრო, რომ თამაშში დაბრუნებულიყვნენ. იმედია, კარს მილანშიც მშრალად შევინახავთ."
კლაუდიო რანიერი (ინტერის მწვრთნელი): "ბოლო დროს ხშირად არ გვიმართლებს და ფორტუნამ დღესაც ზურგი გვაქცია. გოლი მაშინ გავუშვით, როცა თამაში ფაქტობრივად დამთავრებული იყო. არადა, მანამდე თამაშს კარგად ვაკონტროლებდით."
TOP ფეხბურთელი ანდრე აიუ (მარსელი)
განელი გარემარბი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში არ ჩანდა. აიუს 80 წუთის მანძილზე ხეირიანი არაფერი გაუკეთებია, ბოლო 10 წუთში კი მაგრად მოუმატა - ზუსტად იმ დროს, როცა მოედანზე ყველა დაღლილი იყო. შესაბამისად, სიმბოლური და ლოგიკურია ის, რომ გამარჯვების გოლი სწორედ მის ანგარიშზეა.
ტაქტიკა-სტრატეგია ცხადი იყო, რომ "ბოლონიასთან" სამარცხვინო 0:3-ის შემდეგ რანიერი ბევრ რამეს შეცვლიდა და კლაუდიომ ოთხი ცვლილება განახორციელა: ანდრეა რანოკიას, დავიდე ფარაონის, ნაგატომოსა და ჯამპაოლო პაცინის ნაცვლად, "ნერაძურის" ძირითად შემადგენლობაში ვალტერ სამუელი, კრისტიან კივუ, დეიან სტანკოვიჩი და მაურო სარატე ვიხილეთ. ერთადერთი ცენტრფორვარდი დიეგო ფორლანი გახლდათ, მის უკან კი ვესლი სნეიდერი მოქმედებდა.
დეშამმა ტრადიციული 4-2-3-1 აირჩია, რომელშიც ერთადერთი ცენტრალური თავდამსხმელი, მოლოდინისამებრ ბრანდაო გახლდათ.
ანალიზი მატჩის დასაწყისი ამ შეხვედრის მაყურებლებს კარგს არაფერს უქადდა, რადგან "მარსელის" ფეხბურთელები ზედმეტი აქტიურობისგან თავს იკავებდნენ და "ინტერიც" ძალიან პასიური იყო. თუმცა მილანელები მალე გააქტიურდნენ დადაეტყოთ, რომ ბოლოს და ბოლოს კრიზისის აღმოფხვრა სურდათ. ფორლანს ანგარიშის გახსნა შეეძლო, როცა კამბიასოს ჩაწოდებას თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მაკრატელათი გამოეხმაურა, მაგრამ ურუგვაელის დარტყმული მანდანდამ ჩინებული რეფლექსით მოიგერია.
მასპინძლები კი უმეტესად შორეული დარტყმებით ცდილობდნენ გოლის გატანას, მაგრამ როგორც შეირუს, ისე ასპილიკუეტას მცდელობები კრახით დამთავრდა.
"ინტერი" ნელ-ნელა ათამაშდა და "მარსელი" აიძულა, დაცვისთვის მიეხედა. "ნერაძურის" ფეხბურთელები განსაკუთრებით კარგად ფლანგებიდან უტევდნენ და 37-ე წუტზე კამბიასოს პასით სარატემ ვერ იხეირა - ბურთი მანდანდას პირდაპირ ხელებში მიაწოდა. მანამდე "მარსელსაც" შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ნ’კულუმ და ბრანდაომ ერთმანეთს ხელი შეუშალეს.
მეორე ტაიმში საგოლე მომენტებმა იკლო, სარისკო ორთაბრძოლებმა და შესაბამისად გაფრთხილებებმა კი იმატა (მაგალითად, კივუ საპასუხო მატჩისთვის დისკვალიფიცირებულია). მოწყენილი ქომაგები მხოლოდ მატჩის მიწურულსღა გამოფხიზლდნენ, როცა ენერგიული ფეხბურთი გაჩაღდა, მიზანს კი მარსელელებმა მიაღწიეს.
დასკვნა "ინტერის" კრიზისი გრძელდება: რანიერის გუნდმა ბოლო ექვსი ოფიციალური მატჩიდან ხუთი წააგო. რაც შეეხება მარსელს: ამ თამაშიდან გამომდინარე, დეშამი და მისი შეგირდები ანგარიშით კმაყოფილები უნდა იყვნენ - მეოთხედფინალთან "მარსელი" უფრო ახლოსაა.
|