იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის ბრძოლა მაქსიმალურად დაძაბულია. დიახ მესამე, რადგან "იუვენტუსი" და "მილანი" რომ პირველ-მეორე ადგილებს გაინაწილებენ, ეს ცხადზე უცხადესია.
პრეტენდენტი ბევრია: "უდინეზე", "ლაციო", "ნაპოლი", "რომა" და "ინტერი"... მილანურმა გრანდმა ბოლო წაგებებით მნიშვნელოვნად შეირყია პოზიციები და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე დაეშვა; არადა, ჯერ კიდევ სეზონის პირველ ნახევარში, "ნერაძურიმ" თითქოს საბოლოოდ დაძლია კრიზისი, მოგებათა სერია გამოაცხო და ლიგას კი არა, სკუდეტოსაც კი დაუმიზნა. თუმცა, ეს ყველაფერი სწორედაც რომ თითქოს - "ინტერი" ისევ კრიზისშია და ამ უკუსვლას ბოლო არ უჩანს.
"ნერაძურის" ბანაკში განსაკუთრებულად მძიმედ "ბოლონიასთან" მარცხი მიიღეს, ცდილობენ გაერკვნენ ვითარებაში და იმ მიზეზებში, რამაც გუნდის ასეთი ჩავარდნა განაპირობა. კლუბის პრეზიდენტი მასიმო მორატი აქამდე დუმილს ამჯობინებდა, გუშინ კი მისი კომენტარები იტალიური პრესის ფირცლებზე გამოქვეყნდა - მოვუსმინოთ პრეზიდენტს:
"ბოლონიასთან"' თამაშის გახსნებაც კი მზარავს, რადგან ასეთი ანგარიშით საკუთარ მოედანზე არ უნდა ვაგებდეთ. სანამ პირველ გოლს გავუშვებდით, მთლიანობაში კარგად ვთამაშობდით, აი შემდეგ კი თითქოს დავიბენით და ყველა კომპონენტში დავიჩაგრეთ.
ბევრი ამბობს, რომ ფეხბურთელები ფიქრებით უკვე "ველოდრომზე იყვნენ, მაგრამ არა მგონია ასე იყოს საქმე. კარგად ვიცნობ თითოეულ მოთამაშეს და მათ პროფესიონალიზმში დარწმუნებული ვარ. უბრალოდ, პირველი ტაიმის მიწურულს კონცენტრაცია დავკარგეთ და მწარედაც დავისაჯეთ. მომავალში, ასეთი რამ აღარ უნდა გავიმეოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან გაგვიჭირდება".
მორატიმ ვესლი სნეიდერის შესაძლო ტრანსფერის შესახებაც გააკეთა კომენტარი - უფრო სწორად, ჰოლანდიელის წასვლა კატეგორიულად უარყო: "სანკტ-პეტერბურგის "ზენიტიდან" მართლაც მივიღეთ სარფიანი წინადადება, მაგრამ სნეიდერის გასხვისება აზრადაც არ მოგვსვლია. თავად ფეხბურთელმაც იუარა რუსეთში გადაბარგება, რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი ტრანსფერი არ შედგება. ვესლი ":ინტერის" ფეხბურთელია და კიდევ დიდ ხანს ითამაშებს შავ-ლურჯი მაისურით".
|