მადრიდის "ატლეტიკოს” ყოფილმა მწვრთნელმა, კიკე სანჩეს ფლორესმა კომენტარი გააკეთა დიეგო ფორლანის მიერ მის გაკრიტიკებაზე და განაცხადა, რომ "ატლეტიკოში” თამაშის დროს, ურუგვაელს თავი შეუცვლელი ფეხბურთელი ეგონა.
როგორც იცით, ცოტა ხნის წინათ, ფორლანი ყოფილი დამრიგებლის კრიტიკას არ მოერიდა და მას კონფლიქტური ადამიანი უწოდა, რაზეც ფლორესმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ფორლანის სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება. არ არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ რომელიმე გუნდში მუშაობის დროს მოთამაშეებთან პრობლემები მქონდა. ყველა ფეხბურთელთან მქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. რა თქმა უნდა, მათგან ყოველთვის ვითხოვდი მაქსიმალურად დახარჯვას, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია გუნდმა დადებით შედეგს მიაღწიოს.
როგორც ფორლანის სიტყვებიდან გავიგე, ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესები და მიზნები გვქონდა. ჩემი სურვილი იყო, რომ "ატლეტიკოს” რაც შეიძლება მეტი ქულა მოეპოვებინა და ამიტომ, ფორლანზე წინ ზოგჯერ სხვა თავდამსხმელებს ვაყენებდი. იგი ფიქრობდა, რომ შეუცვლელი ფეხბურთელი იყო და ყველა მატჩში უნდა ეთამაშა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ შეექმნა მას შთაბეჭდილება, რომ მასთან პრობლემები მქონდა.
ფორლანი ერთადერთი ვარსკვლავი არაა, რომელთან ერთადაც მიმუშავია და ყველა დანარჩენთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა” – აცხადებს ფლორესი Radio Marca-სთან საუბრისას.
|