მილანის "ინტერიდან” ბრაზილიურ "ინტერნასიონალში” გადაბარგებულმა დიეგო ფორლანმა განაცხადა, რომ თავის გადაწყვეტილებას არ ნანობს. ვეტერანი ურუგვაელი თავად მიხვდა, რომ "ნერაძურიდან” აბარგების დრო იყო.
"ინტერში” საკმაოდ ხანმოკლე პერიოდი გავატარე, ასე რომ, არც დავფიქრებულვარ, როდესაც ბრაზილიაში ოჯახთან ერთად გადასვლის და თამაშის შემოთავაზება მივიღე. ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ. ვიგრძენი, რომ ცვლილებების დრო იყო და მილანურ კარიერას წერტილი ამიტომ დავუსვი. ბრაზილიის ჩემპიონატი იტალიისგან განსხვავდება – აქ, ჩემპიონობისთვის 6-7 კლუბი იბრძვის და მოდუნების საშუალება არ გეძლევა”, - განუცხადა თავდამსხმელმა Football Italia-ს.
შეგახსენებთ, რომ ფორლანი "ინტერში” 2011-2012 წლებში თამაშობდა. ურუგვაელმა მილანელთა მაისურით 20 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.
|