ასეთი რამ მხოლოდ იტალიაში შეიძლება მოხდეს! მილანის "ინტერი" მადრიდის "ატლეტიკოდან" ნაყიდ და დიდი ზარ-ზეიმით წარდგენილ თავდამსხმელ დიეგო ფორლანს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გამოიყენებს, რაც "ნერაძურის" ხელმძღვანელებმა მხოლოდ მაშინღა შეიტყვეს, როცა უეფაში საჩემპიონთალიგო განაცხადს აგზავნიდნენ.
საქმე იმაშია, რომ ურუგვაელმა თავდამსხმელმა ამ სეზონში უკვე ითამაშა ევროტურნირზე - მან "ატლეტიკოს" შემადგენლობაში ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიულ "შტრომსგოდსეტთან" იასპარეზა.
"ინტერში" კი 32 წლის ფორლანი აგვისტოს მიწურულს გადავიდა. შესაბამისად, მას წელს "ინტერის" ფორმით ევროტურნირებზე თამაშის უფლება არ აქვს. "ინტერში" კი, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, გუშინდელ დღემდე ეს არავინ იცოდა.
მილანური კლუბის ბოსები ფორლანის წარდგენისას ხშირად საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ რამდენად წაადგებოდათ "ატლეტიკოდან" 5 მილიონ ევროდ შეძენილი თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც "ნერაძური" მოსკოვის ცსკა-სთან, "ლილთან" და "ტრაბზონსპორთან" ერთად ითამაშებს, ახლა კი შეიტყვეს, რომ ფორლანს 2012 წლამდე ევროსარბიელზე ვერ გამოიყენებენ.
იოლი წარმოსადგენია, როგორ დასცინებდა იტალიური პრესა "ინტერს" და მისი ბოს მასიმო მორატის. ირონიის მიღმა კი, იტალიის ჟურნალისტები გულდაწყვეტილები წერენ, "ინტერის" იმიჯის თვალსაზრისით უდიდესი ზიანი მიადგა, მსოფლიო დონის კლუბს ასეთი შეცდომა არ უნდა გაეპაროსო.
"La Gazetta Dello Sport-ის" ცნობით, მორატი ამ ამბის გამო ისეა განრისხებული, რომ თავისი მენეჯერების სასტიკად დასჯას აპირებს და გამორიცხული არაა, რომ უმრავლესობა გაათავისუფლოს.
"ინტერისთვის" კარგი მხოლოდ ისაა, რომ მილანელებს ურუგვაელი თავდამსხმელი მხოლოდ 5 მილიონი ევრო დაუჯდათ და კიდევ ის, რომ ფორლანი ძალიან კარგ ფორმაშია.
|