მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის კლაუდიო რანიერის სიტყვებით, ''მარსელთან'' მინიმალური ანგარიშით მარცხი მისი გუნდის არასახარბიელო მდგომარეობაზე მიუთითებს.
ანდრე აიუს მიერ მატჩის მიწურულს გატანილმა გოლმა "ნერაძურის" ზედიზედ მე-4 მარცხი განაპირობა. აღსანიშნავია, რომ რანიერის შეგირდებმა ბოლო 7 შეხვედრაში 6 მარცხი იწვნიეს.
"ვიცოდით, რომ ისინი შეგვიტევდნენ და პირველ ტაიმში ჩვენზე წნეხს მოაქცვედნენ, მაგრამ ამისდა მიუხედავად, გვქონდა შანსები, რათა დავწინაურებულიყავით."
"ეს მარცხი ერთგვარი ანარეკლი იყო მდგომარეობისა, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით. ყველაფერი ჩვენ საწინააღდეგოდ მიდის."
"არაფერია დასრულებული. თუ სტადიონს გულშემატკივრები შეავსებენ, შეგვიძლია ანგარიში ჩვენ სასარგებლოდ შემოვაბრუნოთ,"-განაცხადა "ინტერის" დამრიგებელმა.
იტალიელ სპეციალისტს მისი ტაქტიკური არჩევანის შესახებაც დაეკითხნენ, როდესაც ფრანგების წინააღმდეგ მან სასტარტო შემადგენლობაში დიეგო ფორლანი და მაურო სარატე განაწესა.
"მჭირდებოდა სწრაფი ფეხბურთელები, რომლებიც ერთო-ერთზე კარგად თამაშობდნენ,"-აღნიშნა რანიერიმ.
"დიეგო მილიტო 100%-ით მზად არ იყო. იღბალი ჩვენ მხარეს არ იყო, რაც ბოლო წუთზე გაშვებული გოლითაც დამტკიცდა. მარსელს ძალიან ცოტა მომენტები ჰქონდა ჩვენ კართან."
"ამ მატჩის წაგებას არ ვიმსახურებდით."
|