"ინტერის" მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი "კიევოსთან" თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა. "ნერაძურიმ" კვირის განმავლობაში მინიმალური ანგარიშით (1:0) მეორედ მოიგო.
"გამარჯვება ნამდვილად გვსურდა და მივაღწიეთ კიდეც. ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. "კიევო" კარგი, მშრომელი გუნდია. მოგებით კმაყოფილი ვარ. "კიევოს" დარი გუნდები ყოველთვის ფავორიტის გამწარებას ცდილობენ.
ახლა მსგავს გუნდთან, "ატალანტასთან" შეხვედრა გველის და ჩემი ფიქრები ამ თამაშთანაა დაკავშირებული. ჩემპიონობა? "ინტერის" მწვრთნელობისას სკუდეტოს მოგებისა მუდამ უნდა გჯეროდეს", - განაცხადა რანიერიმ.
ამ დროისთვის "ინტერი" სატურნირო ცხრილში 16-ე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "უდინეზეს" 8 ქულით ჩამორჩება.
|