მილანის "ინტერის” დირექტორთა საბჭოს წევრები, მარკო ბრანკა, პიერო აუსილიო და სტეფანო ფილუკი, გუშინ იმისათვის შეიკრიბნენ, გუნდის ბოლო დროინდელ წარუმატებლობაზე ესაუბრათ და რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევის გზები ეძებნათ. მიუხედავად იმისა, რომ "ინტერმა” სერია A-ს ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა, მანამდე კი, იტალიის თასზეც დამარცხდა, Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, დირექტორატის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ კლაუდიო რანიერი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მინიმუმ ერთი კვირით კიდევ დარჩება.კლუბის ხელმძღვანელობას არ მოსწონს ის იდეა, რომ დროებით მთავარი მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის წინ დანიშნოს, თორემ 60 წლის რანიერი რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის აღარ იქნება, პრაქტიკულად გადაწყვეტილია. იტალიური პრესის ცნობით, მის შემცვლელად ორი ვარიანტი განიხილება. ერთია ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ფაბიო კაპელო, ხოლო მეორე წარსულში ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ, რომელსაც დახმარებას ბეპე ბარეზი გაუწევს. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის ვარიანტი მხოლოდ დროებით, სეზონის ბოლომდე განიხილება.
|