ცსკა-ინტერი პირველ ტურში ჯგუფის აუტსაიდერად მიჩნეულ "ტრაბზონსპორთან” მილანში მარცხით "ინტერმა” მთელი საფეხბურთო ევროპა გააოცა. მას შემდეგ "ნერაძურიმ” მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და თუ კლაუდიო რანიერის სადებიუტო მატჩის შედეგს გავითვალისწინებთ, ამან მილანურ გუნდს არგო. იტალიელ სპეციალისტს მორიგი გამოცდა მოსკოვში ელის, სადაც მის გუნდს, სავარაუდოდ, იოლი მატჩი არ ექნება. "ინტერმა” სეზონის პირველი გამარჯვება იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში მოიპოვა, ხოლო ცსკა-მ, გასულ შაბათს, სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია ოთხ მატჩს ითვლის. 2007 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ინტერმა” ორივე თამაში მოიგო – გასვლაზე 2:1 და შინ 4:2. მილანელთა გამარჯვებით დასრულდა 2010 წელს, ლიგის 1/4-ფინალში ჩატარებული ორივე მატჩიც. ამჯერად, "ნერაძურიმ” მეტოქეს თითო თამაშში თითო გოლი აკმარა.
ცსკა იტალიურ გუნდებს სულ 12-ჯერ შეხვედრია. აქედან მოსკოველებმა 4-ჯერ მოიგეს, 2-ჯერ ფრედ ითამაშეს და 6-ჯერ წააგეს. 6 საშინაო მატჩიდან არმიელებმა 2 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 3 დათმეს. რუსულ კლუბებთან გამართულ 16 შეხვედრაში "ინტერს” 11 მოგება, 4 ფრე და 1 მარცხი დაუგროვდა. გასვლით მატჩებში მილანელებმა 4-ჯერ მოიგეს, 3-ჯერ ფრედ ითამაშეს და ერთხელ წააგეს. ტრავმების გამო მასპინძლებს აკინფეევი, ჰონდა, ვასინი, ნესიდი, შენიკოვი და გონსალესი, ხოლო სტუმრებს სნეიდერი, მოტა, სტანკოვიჩი, კორდობა, ვივიანო, მაიკონი და პოლი დააკლდებიან.
• ცსკა-ს ფეხბურთელი სეიდუ დუმბია 2 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს; • პირველი ტურის მატჩში, ალან ძაგოევმა თამაშის წესები 7-ჯერ დაარღვია, რაც კარლოს მარჩენას შედეგთან ერთად, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია; • მიმდინარე სეზონში ჩატარებული 6 თამაშიდან "ინტერს” მხოლოდ 1 მოგება აქვს; • "ინტერმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 თამაში წააგო; • საკუთარ კედლებში, ცსკა "ინტერის” გარდა სხვა იტალიურ გუნდებთან 1991 წლის შემდეგ არ აგებს.
სავარაუდო შემადგენლობები ცსკა: გაბულოვი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ნაბაბკინი, ა. ბერეზუცკი, ალდონინი, გუანა, ტოსიჩი, ძაგოევი, ლავი, დუმბია. ინტერი: ჟულიო სეზარი, ნაგატომო, ლუსიო, სამუელი, კივუ, კოუტინიო, ძანეტი, კამბიასო, ობი, პაცინი, მილიტო. მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია).
|