ტრადიციულად, ინტერი აქტიურია სამხრეთამერიკულ ბაზარზე და გამონაკლისი არც მიმდინარე სატრანსფერო კამპანიაა. მილანური გრანდის მესვეურებმა უკვე გაჩარხეს ერთი ლათინური ტრანსფერი და "ველეს სარსფილდიდან" 23 წლის შემტევი ნახევარმცველი რიკარდო (რიკი) ალვარესი გადაიბირეს.
რიკიმ ბოლო სამი სეზონი სწორედ ველესში გაატარა, 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლის გატანა მოახერხა. გოლების რაოდენობა არც თუ შთამბეჭდავია, მაგრამ სამაგიეროდ, საგოლე პასების მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ არგენტინაში. თავად ფეხბურთელი უკვე მილანშია და ჟურნალისტებს შთაბეჭდილებებს უზიარებს:
ბავშვობიდან ინტერის თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ და ალბათ წარმოგიდგენიათ რა ემოციებს განვიცდი. ეს არის ახდენილი ოცნება და შესაბამისად, თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ. ყველანაირად მზად ვარ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდის ამუნიცია მოვირგო და ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლო. ადაპტაცია არ უნდა გამიჭირდეს, რადგან გუნდში არაერთი არგენტინელი ასპარეზობს - ახლოს არც ერთს ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თანამემამულეებთან საერთო ენის გამონახვა არ გამიჭირდება".
|