დიდი შანსია, რომ მილანის ინტერის ნახევარმცველი სალი მუნტარი, რომელიც ბოლო დროს, იჯარის წესით, სანდერლენდში ასპარეზობდა, გალათასარაიში გადაბარგდეს. NTV Sports -ის ცნობით, ნერაძური სტამბოლურ კლუბს განელი ფეხბურთელის ტრანსფერზე შეუთანხმდა. ევროპის ბევრ ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, მაგრამ თურქეთში ხუთ სექტემბრამდე ღიაა. ასე რომ, 27 წლის ნახევარმცველის ბედი უახლოეს დღეებში გაირკვევა. აღსანიშნავია, რომ გალათასარაი მუნტარის შეძენას ორი თვის წინაც ცდილობდა, მაგრამ მაშინ კლუბებს შორის შეთანხმება არ შედგა.
აფრიკელი ინტერს 2008 წელს შეუერთდა. მას შემდეგ, მუნტარიმ ნერაძურის მაისურით, 62 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის ავტორი გახდა.
|