საქმე ისე მიდის, რომ ვესლი სნეიდერის მილანური კარიერა დასასრულს უახლოვდება. Corriere dello Sport-თან საუბარში, "ინტერის” ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში სხვადასხვა კლუბების წარმომადგენელთათვის თავის მოწონება სურს. "იმედია, ინგლისელებთან დაპირისპირებაში, ჩემს შესაძლებლობებს საუკეთესო კუთხით წარმოვაჩენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ინტერის” დატოვება მინდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ მატჩს მსოფლიოს არაერთი კლუბის წარმომადგენელი დაესწრება. აქვე გეტყვით, რომ უკმაყოფილო ვარ კლაუდიო რანიერის გადაწყვეტილებით, რომელაც ჩემი "ნაპოლისთან” მატჩში (0:1) მინდვრიდან გაყვანა გადაწყვიტა”, - განაცხადა 27 წლის ჰოლანდიელმა. შეგახსენებთ, რომ სნეიდერისადმი ყველაზე დიდ ინტერესს სწორედ ინგლისური კლუბები – "მანჩესტერი” და "სიტი” იჩენენ.
|