მილანის "ინტერის" ერთ-ერთი ლიდერი, 28 წლის ვესლი სნეიდერი მიიჩნევს, რომ იტალიურ კლუბებს შორის საუკეთესო "იუვენტუსია".
თუმცა, მიუხედავად ამისა, მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ძლიერ მეტოქეს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს:
"უნდა ვაღიარო, რომ "იუვენტუსი" უფრო ძლიერია და მასთან კონკურენციის გაწევა ურთულესი იქნება. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ტურინელებს ბრძოლის ისეთი ჟინი აღარ აქვთ, როგორც გასულ სეზონში და შესაბამისად, მათთან ჩამორჩენას მალე აღმოვფხვრით.
რაც შეეხება ჩვენს თამაშს, წუნი ჯერ კიდევ ბევრია და აშკარაა, რომ ოპტიმალური ფორმისგან შორს ვართ. მთავარია, რომ რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ ხარვეზები და ამ რთულ პერიოდში დაუგეგმავი ქულები არ დავკარგოთ.
ანდრეა სტრამაჩონიმ იცის რასაც აკეთებს და ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე გვეუბნებოდა, რომ სტარტი რთული იქნებოდა".
სნეიდერმა საამსეზონო მიზნებზე ისაუბრა და შემდეგი განაცხადა:
"ზემოთ "იუვენტუსთან" კონკურენციაზე ვისაუბრე, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან გვინდა სკუდეტოსთვის ვიბრძოლოთ. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან ჩვენ "ინტერის" ღირსებას ვიცავთ.
თუმცა, თუ სამეულში მოვხვდით და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ, ვფიქრობ, რომ სეზონი წარმატებულად უნდა ჩაითვალოს.
ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში დაბრუნება იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალ ზაფხულს მსოფლიო დონის ვარსკვლავები მოვიზიდოთ. ასე რომ, პროგრამა მინიმუმი სწორედ ლიგის ზონაში მოხვედრაა".
|