ადრიანო გალიანის არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ "მილანი" დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდების სამეულში შედის "ბარსელონასთან" და "რეალთან" ერთადო "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საუკეთესო მაინც "ბარსაა", მაგრამ კატალონიურ გრანდს დიდად არც მისი გუნდი ჩამოუვარდება - მილანური დერბით თუ ვიმსჯელებთ, ეს ასე ნამდვილად არ არის...
მთლიანად დერბიმ საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, რადგან ორივე გუნდის მხრიდან ტექნიკური წუნი ძალიან მაღალი იყო. შეიძლება ტემპი ნელი იყოს, გოლებიც ცოტა გავიდეს, მაგრამ თამაში მაინც მაღალი ხარისხის იყოს - მაგრამ, როცა წუნია ბევრი, იქ რთულია რაიმე პოზიტიურზე ლაპარაკი. მილანური დერბი კვირას გვიან ღამით გაიმართა და ტურის მიმოხილვაში მასზე ბევრი არაფერი გვითქვამს, ამიტომ, დღეს უფრო დეტალურად გავიხსენოთ თუ რა მოხდა "სან სიროზე" და შემდეგ, მატჩისშემდგომ კომენტარებსაც გავეცნოთ...
თამაში თამაში "მილანის" ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, რაც ბურთის ფლობის პროცენტულ მაჩვენებლებში შესაბამისად აისახა: 67%-33%. თუმცა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან საყოველთაო მოსაზრებით, "ინტერმა" დამსახურებულად გაიმარჯვება. მომენტები ორივე კართან დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიქმნა - "ნერაძურის" მხრიდან გატანის ბრწყინვალე შანსი გაუშვა ხელიდან რიკი ალვარესმა, რომელიც პირისპირ დარჩა კრისტიან აბიატისთან და ბურთი პირდაპირ კიპერს გაარტყა.
"მილანელთა" შორის გატანის ყველაზე რეალური შანსი მარკ ვან ბომელს ჰქონდა, მისი შორეული დარტყმული "ინტერის" კარის ხარიხამ აისხლიტა. ერთადერთი გოლი კი დიეგო მილიტოს ანგარიშზეა, რომელმაც იგნაციო აბატეს შეცდომით ისარგებლა - მეტოქის საჯარიმოში მარცხენა ფრთიდან შეიჭრა და მეკარისაგან შორეული კუთხე დალაშქრა, 0:1. სხვა საინტერესო არც არაფერი მომხდარა და შეხვედრა ასეთივე ანგარიშით დასრულდა. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ თამაში ისეთი ვერ გამოდგა, როგორიც ამ ქალაქს და მთლიანად, იტალიურ ფეხბურთს ეკადრება.
მილანი თავისთავად ის ფაქტი, რომ "მილანელთა" შორის ყველაზე რეალური მომენტი ვან ბომელს ჰქონდა, ყველაფერზე ნათლად მეტყველებს - მიუხედავად ნომინალური მასპინძლების ტერიტორიული უპირატესობისა, თამაში მთლიანობაში მაინც ლოგიკური შედეგით დასრულდა.
იტალიელი ჟურნალისტებისგან "მილანს", განსაკუთრებით კი ამ გუნდის შეტევის ხაზს კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს. ზლატან იბრაჰიმოვიჩს აშკარად ეზარება სირბილი და თუ "ნოვარასთან", ან "ჩეზენასთან" იოლად გადის ფონს, "ინტერის" კალიბრის მეტოქესთან უკვე აღარაფერი გამოსდის.
ცნობილი ამბავია, რომ შვედს სწორედ დიდ გუნდებთან უჭირს თავის გამოჩენა - არადა, ამბიციები ისეთი აქვს... მოკლედ, იბრა დიდ თამაშებში უუნაროა, ალესანდრო პატო მუდამ ახლადგამოჯანმრთელებულია და ოპტიმალური ფორმისგან შორსაა; რობინიოს მარგი ქმედების კოეფიციენტი კვლავაც დაბალია და შედეგად, "მილანი" აგებს თითქმის ყველა პრინციპულ შეხვედრას, რომელიც მიმდინარე სეზონში გამართა. თავად განსაჯეთ, მასიმილიანო ალეგრის გუნდი დამარცხდა "იუვენტუსთან", დამარცხდა "ინტერთან", დამარცხდა "ბარსელონასთან" და ვერ მოუგო საკუთარ კედლებში "უდინეზესა" და "ლაციოს".
ინტერი "ინტერმა" მიჯრით მოიგო მეექვსე შეხვედრა და დღეს უკვე ყველანაირი მორიდების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასკუდეტო მარათონში ჩაება. ეს ძალიან კარგია, რადგან სერია A კიდევ უფრო დაიძაბება და კიდევ უფრო საინტერესო გახდება.
ზოგადად, კლაუდიო რანიერის გუნდებს სჩვევიათ მოგებათა სერიის გამოცხობა, კრიზისიდან გამოძრომა და ყველა არაკეთილმოსურნის ჯინაზე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში ჩართვა; მაგრამ, როგორც წესი, ეს პროგრესი სადღაც, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ფიასკოთი სრულდება. აქამდე ასე იყო და საინტერესოა, რა იქნება "ინტერის" შემთხვევაში. თუმცა, მოვეშვათ წარსულსა თუ მომავალს და დღევანდელ დღეზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა...
დღეს კი "ინტერი" გააზრებულ, დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს, სადაც თითოეულმა ფეხბურთელმა კარგად იცის მისი ფუნქცია. დერბიში ძალიან კარგად გაისარჯნენ უკანახაზელები, განსაკუთრებით კი ეს ვალტერ სამუელისა და ლუსიოს ცენტრალირ მცველთა ტანდემზე ითქმის. შუა ხაზში, ფაქტობრივად უშეცდომონი იყვნენ ტიაგო მოტა და ხავიერ ძანეტი, შეტევაში კი "მკვდრეთით აღმდგარმა" დიეგო მილიტომ გამოიდო თავი და "მილანს" გამარჯვების გოლი გაუტანა.
თუ მილიტო ასე გააგრძელებს და ჯამპაოლო პაცინის ღირსეულ პარტნიორობას გაუწევს; თუ დიეგო ფორლანიც სწრაფად შევა ფორმაში და მათთან კონკურენციაში ჩაებმება; თუ ვესლი სნეიდერიც მალე აღიდგენს ფორმას და თუ რიკი ალვარესიც არ შეწყვეტს პროგრესს, მაშინ "ინტერს" საკმაოდ რეალური შანსი აქვს იბრძოლოს სკუდეტოსთვის. მით უმეტეს, ამ გუნდს ჰყავს ხავიერ ძანეტი, რომელიც არავითარ თუ-ებს არ საჭიროებს - ვგონებთ, ის ათი წლის შემდეგაც მოწოდების სიმაღლეზე იქნება.
მატჩის შემდეგ ტრადიციულად, მილანური დერბის შემდეგ, ქალაქის ქუჩები ან ერთი, ან მეორე გუნდის მოზეიმე გულშემატკივრებით ივსება - ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ მატჩი ფრედ არ დასრულდა. ამჯერად, "ინტერმა" მოიგო, მაგრამ "ნერაძურის" ტიფოზებს ქუჩებში ფიესტა არ გაუმართავთ.
ამის მიზეზი ტოსკანას სანაპიროებთან ჩაძირული იტალიური ლაინერი გახლდათ, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მოკლედ, "ინტერისტებმა" ზარზეიმისგან თავი შეიკავეს და ეს სრულიად ლოგიკური და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება გახლდათ. სამაგიეროდ, მატჩისშემდგომი კომენტარები ბლომად გავრცელდა და ქვემოთ სწორედ რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ...
მასიმილიანო ალეგრი (მილანის მთავარი მწვრთნელი): "დასანანია, რომ წავაგეთ, მაგრამ ტრაგედიას ნამდვილად არ ვქმნი - ყველაზე ცუდი ის კი არაა, რომ დერბიში დავმარცხდით, არამედ ის, რომ "იუვენტუსი" ერთი ქულით წინ გავუშვით. თუმცა, არც ესაა განსაკუთრებული პრობლემა, რადგან წინ კიდევ უამრავი შეხვედრა გვაქვს გასამართი.
რაც შეეხება უშუალოდ დერბის, ვფიქრობ, რომ არ გაგვიმართლა და თუ ვინმე იმსახურებდა გამარჯვებას, უპირველესად ეს სწორედ "მილანი" გახლდათ. ფეხბურთს ჩვენ ვთამაშობდით, "ინტერი" კი დაცვაში იჯდა და მხოლოდ იმიტომ მოიგო, რომ დიეგო მილიტომ იშვიათი შანსი ხელიდან არ გაუშვა. უნდა დავივიწყოთ განვლილი თამაში და მომავალ პაექრობაზე გადავერთოთ".
ადრიანო გალიანი (მილანის ვიცე-პრეზიდენტი): "განვლილი დერბი ისეთ მატჩთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელშიც გამარჯვებულის ბედს ერთი გოლი წყვეტს. სამწუხაროდ, ეს ერთი გოლი "ინტერმა" გაიტანა და მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა აქტივში. რაც შეგვეხება ჩვენ, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან მთავარი სატურნირო ცხრილია, სადაც საკმაოდ კარგ პოზიციაზე ვიმყოფებით - "ინტერთან" ჯერ კიდევ სოლიდური უპირატესობა გვაქვს, "იუვენტუსს" კი სულ რაღაც ერთი ქულით ჩამოვრჩებით. მოკლედ, მშვიდად უნდა განვაგრძოთ ცხოვრება, წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩია".
კლაუდიო რანიერი (ინტერის მთავარი მწვრთნელი): "ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახარეთ. შეგირდების გარჯით ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველა დავალება პირნათლად შეასრულეს და შედეგიც შესაბამისი მოვიმკეთ. "უდინეზესთან", "ნაპოლისთან" და "იუვენტუსთან" წაგებებმა ბევრი რამ გვასწავლა და ეს "მილანთან" პაექრობაში კარგად გამოჩნდა.
სკუდეტო? - "ინტერი" გრანდია და ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის, მაგრამ მიმდინარე სეზონში მაინც ნაბიჯნაბიჯ უნდა წავიწიოთ წინ. ჯერ ევროპის ლიგის ზონაში შევედით, დღეს უკვე სამეულში გვსურს მოხვედრა და თუ ამ მიზანსაც მივაღწიეთ, შემდეგ სკუდეტოზეც შეიძლება დაფიქრება".
ხავიერ ძანეტი (ინტერის კაპიტანი): "დიდებული შეხვედრა იყო, ძალიან დაძაბული, რომელშიც ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა მონაწილეობის მიღებას.
ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ და "მილანთან" წარუმატებელი მატჩების სერია შევწყვიტეთ. ამასთან, მოგებათა სერია გავაგრძელეთ და სატურნირო ცხრილში ლიდერთა სამეულს მაქსიმალურად მივუახლოვდით. გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული, ყველანი მოტივაციით ვართ აღსავსე, ეს კი წარმატების მთავარი საწინდარია".
|