გელზენკირხენის "შალკეს” ნახევარმცველ ჟულიან დრაქსლერით მილანის "ინტერი” დაინტერესდა, თუმცა ფეხბურთელი გერმანიის დატოვებას არ ჩქარობს.
"ჩემმა აგენტმა მაცნობა, რომ ჩემს მიმართ ინტერესი "ინტერმა” დააფიქსირა. ამ ამბავმა ძალიან გამახარა”, – საუბრობს 18-წლის ფეხბურთელი.
"ამის მიუხედავად, მე პროფესიონალი ფეხბურთელების გვერდით მხოლოდ ერთი წელია ვთამაშობ და განვითარება მჭირდება. ჩემი გული "შალკეს” ეკუთვნის და აქედან წასვლას არ ვაპირებ. მე შეგნებულად გავაფორმე კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე”, – აღნიშნა დრაქსლერმა
ჟულიანს "შალკეში” დებიუტი გასული წლის იანვარში ჰქონდა და მას შემდეგ მისმა სატრანსფერო ღირებულებამ დიდი სიჩქარით იმატა. ამჟამად დრაქსლერის ფასი 7 მილიონ ევროს შეადგენს.