2012 წელი ზედიზედ მე-5 თამაშის მოგებით დაიწყო „ინტერმა", რომელმაც „პარმა" ჯუზეპე მეაცაზე გაანადგურა.
„ინტერმა" სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს მშვიდად ყოფნის საბაბი უკვე მე-18 წუთზე მისცა, როდესაც მეტოქეს მე-2 გოლი გაუტანა. ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა. პირველი გოლი აქტივში თამაშის გმირმა, დიეგო მილიტომ ჩაიწერა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან რიკი ალვაერესის ჩაწოდების შემდეგ დასწრებაზე კარგად ითამაშა. ხუთ წუთში, დაახლოებით 20 მეტრიდან ძალიან ძლიერი დარტყმით, ტიაგო მოტამ სტუმრები მეორედ დაამწუხრა. 41-ე წუთზე, მაიკონის ფლანგური გადაცემის შემდეგ, მოხდენილი თავურით, მილიტომ დუბლი გაიფორმა და ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა.
მე-2 ტაიმი ათიოდე წუთის დაწყებული იყო, როდესაც „ინტერის" არგენტინელი შემტევი უკვე ასისტენტის როლში მოგვევლინა. მასპინძელთა კონტრშეტევის დროს, მილიტომ ერთი მეტოქე იოლად მოატყუა და პაცინი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, ხოლო მილანელთა მე-7 ნომერს გოლის გატანა არ გასჭირვებია. ანგარიშს საბოლოო სახე ძალიან ლამაზი გოლით მიეცა. 79-ე წუთზე, კარიდან დაახლოებით ოცდაორ მეტრში მყოფმა ახალგაზრდა ფარაონიმ ეფექტურად დაარტყა, რის შედეგადაც, ბურთი სტუმართა კარში ლამაზად ჩაეშვა.
ინტერი-პარმა 5:0 (3:0) მილანი, "ჯუზეპე მეაცა” ინტერი (4-3-1-2): სეზარი, მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო, ძანეტი, მოტა, კამბიასო (პოლი 57), ალვარესი (კოუტინიო 72), პაცინი, მილიტო (ფარაონი 76). მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი. პარმა (4-4-2): მირანტე, ძაკარდო, პალეტა, ბრანდაო, გობი, ბიაბიანი, მორონე (პერეირა 60), გალოპა (მუსაჩი 68), მოდესტო (პელე 55), ჯოვინკო, ფლოკარი. მწვრთნელი: ფრანკო კოლომბა. გოლები: 1:0 მილიტო (13), 2:0 მოტა (18), 3:0 მილიტო (41), 4:0 პაცინი (56), 5:0 ფარაონი (79). გაფრთხილებები: სამუელი 24 - გალოპა 31. მსაჯი: ანტონიო ჯანოკარო. ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 10 (7)-11 (3), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 0-4, სეივი: 3-2, ჯარიმა: 12-11.
|