სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ძალზე ცუდად დაწყების შემდეგ, ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ პირველი წრის შემდეგ, მილანის „ინტერი" საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნებული იქნებოდა, მაგრამ გუნდის საშველად მიწვეულმა კლაუდიო რანიერიმ „ნერაძურის" ზედიზედ 7 თამაში მოაგებინა, რის წყალობითაც, „ინტერმა" მე-4 ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერთან ქულათა სხვაობა 6-მდე შეამცირა.
რანიერის გუნდის მორიგი მსხვერპლი ის „ლაციო" გახდა, რომელსაც მე-4 ადგილი აქამდე ეკავა. რომაელებმა მილანში ანგარიშის გახსნა კი მოახერხეს, მაგრამ საბოლოოდ ისინი მაინც უქულოდ დარჩნენ. „ჯუზეპე მეაცაზე" გამართულ მატჩში პირველი გოლი 30-ე წუთზე გავიდა, როდესაც როკიმ ლედესმას გადაცემა გამოიყენა. ტაიმის მიწურულს, მილიტომს რიკი ალვარესთან ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშა და მახვილი კუთხიდან დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის მშვენება გოლი 63-ე წუთზე გავიდა - მოედნის ცენტრიდან ლუსიოს მიერ გაკეთებული გადაცემის შემდეგ სტუმარი მცველები შეცდნენ, რასაც პაცინის მეკარესთან პირისპირ გასვლა და ლამაზი დარტყმით, მისთვის ბურთის თავზე გადაგდება მოჰყვა.
|