ხავიერ ადელმარ ძანეტი (დ. 1973 წ. 10 აგვისტო, სუდ-დოკი, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი. ასპარეზობს იტალიის სერია ა-ს კლუბ ინტერნაციონალეში. ძანეტი ინტერის რიგებში 1995 წლიდან გამოდის, ხოლო კაპიტანის სამკლავური მოირგო 1999 წლის 29 აგვისტოს. ძანეტი ცნობილია თავისი უნივერსალურობით, მას აქვს ორივე ფლანგზე თამაშის დიდი გამოცდილება, როგორც მცველის ასევე ნახევარმცველის ამპლუით. ის თავისუფლად ჯდება ნახევარდაცვის რამდენიმე პოზიციაში, განსაკუთრებით დაცვით ნახევარდაცვაში და ცენტრალურ ნახევარდაცვაში. საერთაშორისო დონეზე ის გახლავთ რეკორდსმენი, რომელსაც აქვს არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული ყველაზე მეტი მატჩი. მან ითამაშა 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე და ორ მსოფლიო ჩემპიონატზე 1998 და 2002 წლებში.
ცნობილია მეტსახელით „პუპი". არგენტინაში მან მიიღო ზედმეტსახელი "Il Trattore" (ტრაქტორი), იტალიაში გადასვლისას მან მალე მოიპოვა პოპულარობა თავისი მტკიცე ხასიათით, ძალით და გამძლეობით. ძანეტიმ თავისი 4 წლიანი უგოლობის სერია 2006 წლის 5 ნოემბერს შეწყვიტა. არგენტინის ნაკრებში ის თამაშობს მარჯვენა მცველის პოზიციაზე, სადაც ძალიან ხშირად უწევს თავდასხმაში ჩართვა.
„პუპიმ" მოიგო 5 სერია ა ინტერთან ერთად, რის შედეგადაც მიიღო ზედმეტსახელი "Il Capitano" (კაპიტანი). ძანეტიმ მოხსნა ყველანაირი რეკორდი როგორც არაიტალიელმა, რომელმაც ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა იტალიურ კლუბთან ერთად, 757 ოფიციალური მატჩით ის იმყოფება სიის სათავეში.
ძანეტი გეგმავს კარიერის ინტერში დასრულებას და შემდგომ გუნდის ხელმძღვანელობაში მუშაობას. "Il Capitano" ასევე ცნობილია თავისი ქველმოქმედებით, ხელმძღვანელობს თავისსავე დაარსებულ საქველმოქმედო ფონდ „პუპის" და იცავს უოჯახოდ დარჩენილი არგენტინელი ბავშვების ინტერესებს. ძანეტი ელჩად იყო დასახელებული ფიფას მიერ არგენტინაში გამართულ პროექტში "SOS Children's Villages". ძანეტი ასევე გახლავთ სპეციალური ოლიმპიადის გლობალური ელჩი.
2010 წლის 22 მაისს, ჩემპიონთა ლიგის საფინალო მატჩი ინტერსა და ბაიერნს შორის ძანეტისთვის მე-700 აღმოჩნდა. ამ თამაშში მიღწეული წარმატებით ამ ისტორიულ დღეს მისმა გუნდმა მოიგო ტრიპლეტი. მან გოლი გაიტანა 2010 წლის 20 ოქტომბერს ტოტენჰემის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის რანგში გამართულ მატჩში, რომელითაც მოხსნა რეკორდი როგორც ყველაზე ხნიერი მოთამაშის მიერ გატანილი გოლი, ის გახლდათ 37 წლის და 71 დღის, ეს რეკორდი მას მერე გააუმჯობესე ორმა ფეხბურთელმა ფილიპო ინძაგიმ და რაიან გიგზმა
|