სერია A-ს მე-18 ტურის უდავოდ ცენტრალურ შეხვედრას, მილანურ დერბის ორივე გუნდი ერთნაირი განზრახვით შეხვდა - როგორც მილანს, ასევე ინტერს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა. მოგების შემთხვევაში, მოქმედი ჩემპიონი ერთპიროვნულად გალიდერდებოდა და ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნების საშუალებას არ მისცემდა. რაც შეეხება ინტერს, ზედიზედ მე-5 მოგების შემდეგ, „ნერაძურის" სკუდეტოსთვის ბრძოლის იმედი გაუჩდა და „მადონინაში" მარცხი რანიერის გუნდის საჩემპიონო ამბიციებისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა.
2012 წლის პირველი მილანური დერბის პირველი ტაიმი მეორეზე საინტერესო გამოდგა. თამაში მხოლოდ 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან მაიკონის ჩაწოდების შემდეგ, ეფექტური ნახტომით, ტიაგო მოტამ ბურთს ადგილი აბიატის კარში მიუჩინა, მაგრამ არბიტრმა გოლი თამაშგარეს დაფიქსირების გამო გააუქმა. გამეორებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ „ინტერის" 2 ფეხბურთელი თამაშგარეში მართლაც იყო, მაგრამ არა ტიაგო მოტა. ამ ეპიზოდის შემდეგ, უპირატესობას ნომინალური მასპინძლები დაეუფლნენ. „მილანმა" პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შექმნა, როდესაც პენალტის ნიშნულთან მყოფ პატოს დარტყმაში ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ბრაზილიელმა ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა. მე-20 წუთზე, უკვე ბოატენგმა დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ მანაც არაზუსტად. მიუხედავად პირველ ტაიმში „მილანის" უპირატესობისა, შესვენებამდე ყველაზე სახიფათო მომენტი მაინც „ინტერის" ფეხბურთელებმა შექმნეს. მე-40 წუთზე, „როსონერის" მცველების შეცდომის წყალობით, რიკი ალვარესი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ არგენტინელმა ნახევარმცველმა აბიატის ვერ აჯობა. ტაიმის ბოლო სახიფათო მომენტი „მილანმა" შექმნა. 45-ე წუთზე, საჯარიმოს წინა ხაზიდან ვან ბომელის დარტყმა „ინტერის" კარის ხარიხამ მოიგერია, ხოლო დამატებაზე მოთამაშე ემანუელსონს სეზარმა აჯობა.
მე-2 ტაიმის პირველი სახიფათო მომენტიც „ინტერმა" შექმნა და ამჯერად, არბიტრმა „ნერაძურის" გატანილი გოლი ჩაუთვალა. 54-ე წუთზე, ნომინალურ სტუმართა კონტრშეტევის დროს, მარჯვენა ფლანგიდან ძანეტის მიერ გაკეთებული გადაცემის შემდეგ, აბატეს ბურთზე თამაში მართებდა, მაგრამ „მილანის" მარჯვენა მცველმა უხეში შეცდომა დაუშვა, რისი წყალობითაც, მილიტო აბიატისთან პირისპირ გავიდა და ანგარიშიც გაიხსნა.
გოლიდან დაახლოებით ექვს წუთში, ნაგატომო ცდილობდა შორეული დარტყმით გატანას, მაგრამ იაპონელ მარცხენა მცველს მიზანმა მცირედით უმტყუნა.
რაც დრო გადიოდა, „მილანი" მეტოქის კარზე ზეწოლას აძლიერებდა, მაგრამ 83-ე წუთამდე, საქმე რეალურად სახიფათო მომენტებამდე არ მიდიოდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, ზეედორფმა დაახლოებით 35 მეტრიდან სცადა გატანა და ბურთის მოსაგერიებლად ჟულიო სეზარს მთელი თავისი ოსტატობის გამოვლენა დასჭირდა. ორ წუთში, ბრაზილიელმა კიპერმა უკვე რობინიოს აუღო ახლო მანძილიდან და ვინაიდან ეს შეხვედრის ბოლო სახიფათო მომენტი გამოდგა, „ინტერმა" 3 ქულა მოიპოვა და ლიდერებთან სხვაობა კიდევ უფრო შეამცირა.
ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, მილანურ დერბიში რომელიმე გუნდი რამდენიმე წარმატებულ თამაშს გადააბამს ხოლმე. აქამდე, ბოლო 3 „მადონინა" „მილანს" ჰქონდა მოგებული და თუ ამ გუნდების დაპირისპირების ტენდენციას გავითვალისწინებთ, ახლა „ინტერის" ჯერი დადგა.
|