ტურინის იუვენტუსის ყოფილ გენერალურ დირექტორ ლუჩანო მოჯის ნეაპოლის სასამართლომ 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მიუხედავად იმისა, რომ 74 წლის მოჯიმ მატჩების გარიგებაში მონაწილეობა არ აღიარა, სასამართლომ ის დამნაშავედ მაინც სცნო. თუმცა, ჯერჯერობით, მას ციხეში ყურყუტი არ მოუწევს, რადგან განაჩენი პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა და მოჯის ადვოკატები აპელაციის შეტანას აპირებენ. ბებერი ქალბატონის ყოფილ გენერალურ მენეჯერ ანტონიო ჯირაუდოს სასამართლომ 3 წელი მიუსაჯა, ხოლო მსაჯთა კოლეგიის ექს-ხელმძღვანელ პაოლო ბერგამოს – 3 წელი და 8 თვე. ამასთანავე, სასამართლომ ფლორენციის "ფიორენტინას” მეპატრონეებს - დიეგო დელა ვალესა და ანდრეა დელა ვალეს, ასევე, რომის ლაციოს პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს 1 წელი და 3 თვე მიუსაჯა. ასეთ განაჩენს აბსოლუტურად არ ველოდი. ჩვენ მხოლოდ პირველი რაუნდი წავაგეთ და სიტუაციის გამოსწორებას აპელაციის მეშვეობით შევეცდებით. ვიდრე ჩვენთან მართლმსაჯულება არსებობს, ყველაფერს გავაკეთებთ. მოჯი ძალიან იმედგაცრუებულია, რადგან ვერ გაუგია, რატომ გამოიტანეს ასეთი განაჩენი. ახლა 90 დღე გვაქვს, რათა ამ გადაწყვეტილების საფუძველი კარგად შევისწავლოთ და აპელაცია მოვამზადოთ, – განაცხადა მოჯის ერთ-ერთმა ადვოკატმა მაურილიო პრიორესკიმ.
|