ფრანგულმა პსჟ-მ შემადგენლობის გაძლიერება მილანის "ინტერის” ნახევარმცველით, ტიაგო მოტათი გადაწყვიტა. პარიზელთა სპორტულ დირექტორ ლეონარდოს 29 წლის ბრაზილიელ-იტალიელის გადაბირება იანვრის სატრანსფერო სეზონშივე სურს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პსჟ-მ "ნერაძურის” ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა და ნახევარმცველის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ მილანელებს თანხა ეცოტავათ და 12 მილიონი ევრო მოითხოვეს. ჯერჯერობით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა. იტალიურ პრესაში ვარაუდობენ, რომ თუკი ტრანსფერი შედგება, ტიაგო მოტა პსჟ-სთან კონტრაქტს 2015 წლამდე გააფორმებს. მისი წლიური ხელფასი 4 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველი "ინტერში” 2009 წლიდან თამაშობს. მან მილანელთა მაისურით 69 მატჩი ჩაატარა და 9 გოლის ავტორი გახდა.
|