მილანურმა დერბიმ "სან სიროდან" კაბინეტებში გადაინაცვლა - "ნერაძური" და "როსონერი" ერთმანეთს "მან სიტის" შერცხვენილი თავდამსხმელისთვის ეპაექრებიან.
იტალიური პრესა წერს, რომ ამ რბოლაში "ინტერი" დაწინაურდა, შესთავაზა რა 27 მილიონი ევრო ინგლისურ გუნდს ტევესის სანაცვლოდ.
გუშინ "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ განაცხადა, თავად ფეხბურთელთან ყველაფერი მოლაპარაკებულიაო. თუმცა სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, რომ ეს შეთანხმება შეიძლება უსარგებლო აღმოჩნდეს, რადგან "მანჩესტერ სიტი" "მილანის" წინადადებით უკმაყოფილოა. "როსონერის" არ სურს, რომ საიჯარო ხელშეკრულებაში ჩართოს აუცილებელი პუნქტი, სეზონის ბოლოს ფეხბურთელის ყიდვისა. გარდა ამისა, არგენტინელის გამოსყიდვა "მილანს" მხოლოდ 24 მილიონ ევროდ უნდა.
"ინტერს" შეუძლია ამ ყველაფრით ისარგებლოს. ორშაბათს "ნერაძურის" დირექტორი მარკო ბრანკა კვლავ გაემგზავრება ინგლისში მოსალაპარაკებლად. არაოფიციალური ინფორმაციით, "ინტერი" საიჯარო ხელშეკრულებაში შეიტანს აუცილებელ პუნქტს, რომლის თანახმადაც, სეზონის ბოლოს იგი 27 მილიონ ევროდ გამოისყიდის ტევესს. ეს თანხა მხოლოდ 3 მილიონით ნაკლებია იმასთან შედარებით, რასაც "სიტი" ითხოვს.
|