გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის "რეალი” და "მილანის "ინტერი” "ლივერპულის” ფორვარდის, ლუის სუარესის გადაბირებას შეეცდებიან.
მერსისაიდული გუნდის ფანებმა ურუგვაელი ფეხბურთელი ძალიან მალე შეიყვარეს, მთავარი მწვრთნელი კენი დალგლიში კი აქედანვე ამბობს, რომ სუარესის მსურველ ყველა კლუბს უარით გაისტუმრებს.
ამის მიუხედავად, "ლივერპულის” მფლობელი ჯონ ჰენრი სუარესის საქციელით შეშფოთებულია და შიშობს, რომ ურუგვაელი ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს კლუბზე, რაც ყველა კომერციულ წინადადებას ჩაშლის.
შეგახსენებთ, რომ სუარესს "მანჩესტერ იუნაიტედის” მცველის პატრის ევრას მიმართ რასისტულ შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი და რვამატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
სუარესის "რეალში” გადასვლას ხელი იმან შეიძლება შეუშალოს, რომ ურუგვაელის აგენტი პერე გვარდიოლაა, "ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას ძმა.
სათქმელია ისიც, რომ სუარესმა კატალონიურ გუნდში თამაშის სურვილი რამდენჯერმე გამოთქვა.
ურუგვაელ ფეხბურთელს "ლივერპულთან” კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონ ევროს შეადგენს.
სხვათაშორის, სუარესს 25 წელი ხვალ შეუსრულდება.
|