
ინგლისის მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელობა არგენტინელი ფორვარდის, კარლოს ტევესის სატრანსფერო ღირებულების დაწევას დათანხმდა. მას შემდეგ, რაც ტევესმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში, მიუნხენის "ბაიერნის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრისას შეცვლაზე შესვლაზე უარი განაცხადა, მან მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის ნდობა დაკარგა. არგენტინელს თავისი საქციელისთვის ჯარიმის სახით ორი კვირის ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა მოუწევს, თუმცა, ინგლისური კლუბი ამით არ კმაყოფილდება და ფეხბურთელის თავიდან მოშორებას აპირებს. Daily Telegraph-ის ცნობით, სიტის ბოსების გადაწყვეტილება იმდენად მყარია, რომ ისინი ტევესის სატრანსფერო ფასის დაწევასაც კი დათანხმდნენ. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში კლუბის ხელმძღვანელობა არგენტინელის სანაცვლოდ 40 მილიონ გირვანქას ითხოვდა. მისი შეძენის მთავარმა მოსურნე ბრაზილიურმა "კორინთიანსმა” ამ თანხის გადახდა ვერ მოახერხა, ახლა კი, მხოლოდ 15 მილიონი გირვანქის გადახდას ყაბულდება. მართალია, ინგლისელები კარლოსის ფასის დაწევას დათანხმდნენ, მაგრამ მისი მუქთად დაკარგვაც არ უნდათ და 25 მილიონს ითხოვენ. პრემიერლიგის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ამ თანხად ტევესის შეძენის სურვილი იტალიურ ინტერი და რუსულ კლუბებს გაუჩნდებათ.
|