იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული პსჟ-ს მესვეურებს სხვა უამრავი ფეხბურთელის მსგავსად, ტიაგო მოტას გადაბირებაც მოსურვებიათ.
ამ ამბავმა "ინტერის" 29 წლის ნახევარმცველის ყურამდეც მიაღწია და ბუნებრივია, რომ ჟურნალისტებმა მას პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს.
თავად მოტამ არა, მაგრამ მისმა პირადმა აგენტმა შემდეგი განაცხადა:
"ჯერჯერობით პარიზიდან არავინ შეგვხმიანებია, მაგრამ ფრანგული კლუბის მოტასადმი ინტერესის შესახებ კულუარებიდან მეც შევიტყვე. მითხრეს, რომ ოფიციალურ შეთავაზებას "ნერაძურის" მესვეურები უახლოეს პერიოდში მიიღებენ და ვნახოთ, გამართლდება თუ არა ეს ამბავი. თუ მილანური კლუბი მოტას გასხვისებას გადაწყვეტს, ბუნებრივია, რომ პარიზელთა შეთავაზებაზე ჩვენც დავფიქრდებით. ამ ეტაპზე, სხვა უფრო მნიშვნელოვანს ვერაფერს გეტყვით - ტიაგო "ინტერის" მოთამაშეა და რა იქნება მომავალში, ამას დრო გვიჩვენებს".
ამასობაში, დიეგო ფორლანმა მიიღო მორიგი ტრავმა და გარკვეული პერიოდი კვლავ ლაზარეთში მოუწევს ყოფნა. ურუგვაელი ფორვარდი ერთ-ერთი ვარჯიშისას დაშავდა და კლუბის სამედიცინო ცენტრში გახდა გადასაყვანი.
|