ტიაგო მოტამ "Gazzetta dello Sport-თან" საუბარში ერთობ მოულოდნელი განცხადება გააკეთა და გათქვა, რომ დიდი სურვილი აქვს კარიერა ფრანგულ პსჟ-ში გააგრძელოს. მოულოდნელი კი ეს კომენტარი იმად გახლავთ, რომ სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ, მოტა "ინტერში" კარიერის დასრულებაზე ემოციამოძალებული საუბრობდა. როგორც ჩანს, დროის მცირე მონაკვეთში ბევრი რამ შეიცვალა და ამაში ფეხბურთელის კომენტარი დაგარწმუნებთ:
"ვიცი, რომ ფრანგებს ჩემი გადაბირება სურთ და "ინტერის" მესვეურებთან აქტიურ მოლაპარაკებებში არიან ჩაბმულნი. ეს თვით მასიმო მორატიმ გამანდო და მკითხა, მსურდა თუ არა პსჟ-ში გადაბარგება. მიუხედავად იმისა, რომ "ინტერში" თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ, ახალი გამოწვევების სურვილი მაქვს და ამის შესახებ მორატისაც ვუთხარი. იმედი მაქვს, კლუბებს შორის შეთანხმება შედგება და კარიერას ფრანგულ კლუბში გავაგრძელებ. მით უმეტეს, პარიზი ჩემი ოცნების ქალაქია, სადაც ყოველთვის მინდოდა ცხოვრება".
ერთი სიტყვით, ტიაგო მოტას პსჟ-ში გადაბარგების ალბათობა საკმაოდ დიდია და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. საგულისხმოა, რომ "ინტერი" შესაძლოა კიდევ ერთმა ნახევარმცველმა, სალი მუნტარიმ დატოვოს და კარიერა "ჯენოაში" გააგრძელოს. გენუური კლუბის პრეზიდენტმა თავდასხმის ხაზი საგრძნობლად გააძლიერა და სურს, რომ ერთი-ორი მაღალი კლასის მოთამაშე შუა ხაზსაც წაახმაროს - მოვუსმინოთ ენრიკო პრეციოზის:
"მასიმო მორატისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და იმედია, რომ სალი მუნტარის გადაბირებას შევძლებთ. ფაქტია, რომ კლაუდიო რანიერი აფრიკელს არ წყალობს და მასაც მუდმივად სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა. ამიტომ, ურჩევნია, რომ ჩვენთან წამოვიდეს და სათამაშო პრაქტიკასაც მიიღებს. ამ საკითხზე ძალიან მალე მორატისთან ვაპირებ დალაპარაკებას და ვფიქრობ, რომ შეთანხმებამდე მისვლა არ გაგვიჭირდება".
|