B ჯგუფი "ტრაბზონსპორი"-"ინტერი" პირველ ტურში წაგების შემდეგ, "ინტერმა” ზედიზედ 3 თამაში მოიგო და ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსი დაიბრუნა. დღეს, მილანელები სწორედ იმ "ტრაბზონსპორს” დაუპირისპირდებიან, რომლებთანაც საწყის ტურში დამარცხდნენ. მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, "ინტერი” არა მხოლოდ 1/8-ფინალის საგზურს, არამედ პირველ ადგილს გაინაღდებს. იგივე მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ კლაუდიო რანიერის გუნდი ქულას მოიპოვებს, ხოლო ცსკა "ლილს” ვერ დაამარცხებს. "ინტერი” მინიმუმ მე-2 ადგილს გაინაღდებს, თუ თურქეთში არ წააგებს, ან "ლილი” ცსკა-ს დაამარცხებს. ჩემპიონთა ლიგის გასული ტურის შემდეგ, "ტრაბზონსპორმა” თურქეთის ჩემპიონატში 2 თამაში ჩაატარა და თავი ოთხ ქულას მოუყარა. "ინტერმა” ლიგის თამაშის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ითამაშა და ის მატჩი მოიგო. გუნდები ერთმანეთს აქამდე 3-ჯერ შეხვედრიან. აქედან 2-ჯერ "ტრაბზონსპორმა”, ხოლო ერთხელ "ინტერმა” მოიგო. თურქეთში ჩატარებული 1 თამაში მასპინძლებმა მოიგეს. "ტრაბზონსპორი” იტალიურ გუნდებს სულ 9-ჯერ დაუპირისპირდა. თურქებმა 3-ჯერ მოიგეს, 2-ჯერ ფრედ ითამაშეს და 4-ჯერ წააგეს. საკუთარ კედლებში, "ტრაბზონსპორმა” თითოჯერ მოიგო და ფრედ ითამაშა, ხოლო 2-ჯერ წააგო. "ინტერს” თურქეთის წარმომადგენლებთან ჩატარებულ 9 თამაშში 5 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდა. გასვლაზე, მილანელებმა თითოჯერ მოიგეს და ფრედ ითამაშეს, ხოლო 2 თამაში დათმეს. ტრავმების გამო, მასპინძლებს ტაიფუნ კორა, რობერტ ვიტეკი და ბარიშ ათაში, ხოლო სტუმრებს სნეიდერი არ ეყოლებათ. • განვლილ ოთხ ტურში, "ტრაბზონსპორმა” კარში 7-ჯერ დაარტყა ზუსტად, რაც "ნაპოლის” მაჩვენებელთან ერთად, ყველაზე ცუდი შედეგია; • "ტრაბზონსპორის” ფეხბურთელმა დიდიე ზოკორამ თამაშის წესების ყველაზე მეტჯერ, 18-ჯერ დაარღვია; • დღეს 3 ქულის მოპოვების შემთხვევაში, "ინტერი” ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე 50-ე შეხვედრას მოიგებს; • 1983 წელს, თურქეთში, "ტრაბზონსპორმა” "ინტერი” 1:0 დაამარცხა. იმ მატჩში, თურქების კარს გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, შენოლ გიუნეში იცავდა; • თურქეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, "მერსინ იდმანიარდუსთან” გამართული შეხვედრა მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამოდგა, რომელშიც "ტრაბზონსპორის” თავდამსხმელმა, ბურაკ ილმაზმა გოლი ვერ გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები "ტრაბზონსპორი": ტოლგა, სერკანი, გირაი, მუსტაფა, ჩელუსტკა, კოლმანი, ზოკორა, ჰალილ ალთინთოფი, ალანზინიო, მიერზეიევსკი, ბურაკი. "ინტერი": სეზარი, ჟონათანი, რანოკია, სამუელი, ძანეტი, ობი, მოტა, კამბიასო, სტანკოვიჩი, პაცინი, მილიტო. მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).
1. ინტერი 4 3 0 1 6:4 9 2. ცსკა 4 1 2 1 7:5 5 3. ტრაბზონსპორი 4 1 2 1 2:4 5 4. ლილი 4 0 2 2 4:6 2
|