მილანის "ინტერის” უბერებელი კაპიტანი, ხავიერ ძანეტი იტალიის სუპერთასზე ითამაშებს. ასეთი გადაწყვეტილება "ნერაძურის” სამწვრთნელო შტაბმა მას შემდეგ მიიღო, რაც ტრავმის გამო გუნდს იაპონელი მარცხენა მცველი, იუტო ნაგატომო გამოაკლდა. როგორც იცით, კოპა ამერიკაზე თამაშის გამო, ძანეტიმ დამატებითი შვებულება მიიღო და 37 წლის უნივერსალს სუპერთასის მატჩის გამოტოვება უწევდა, მაგრამ იაპონელი თანაგუნდელის ტრავმამ მისი შვებულება შეამცირა. Football Italia-ს ცნობით, ძანეტი ვარჯიშს უახლოეს მომავალში განაახლებს. შეგახსენებთ, რომ "ინტერისთვის” წლევანდელი სუპერთასი რიგითი დაპირისპირება არ იქნება, რადგან მილანელები პრინციპულ მეტოქეს, თანაქალაქელ "მილანს” ხვდებიან, რაც სუპერთასის ისტორიაში პირველად მოხდება.
|