საოცარი ინფორმაცია გაავრცელეს გუშინ იტალიურმა სპორტულმა სააგენტოებმა, რომლის მიხედვითაც პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ სამუელ ეტოო კარიერას მახაჩკალის "ანჟიში" გააგრძელებს.
დიახ, არ მოგესმათ, თურმე ბოლო ორი კვირის განმავლობაში "ინტერისა" და "ანჟის" მესვეურები მოლაპარაკების აქტიურ ფაზაში არიან ჩაბმულნი და შეთანხმებმდეც აღარაფერი უკლიათ. რაც მთავარია, რუსული კლუბის მესვეურები უკვე შეუთანხმდნენ თავად ფეხბურთელს და ამას ეტოოს პირადი აგენტი კლაუდიო ვიგორელი ადასტურებს:
"დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ "ანჟისა" და "ინტერის" მესვეურებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული. რუსული კლუბი ჩემი კლიენტის გადაბირებითაა დაინტერესებული და მათი წინადადება სიამოვნებით განვიხილეთ. რა ვუპასუხეთ? – დასამალია არაფერია, სულ მცირე დეტალებს თუ არ ჩავთვლით, ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდით და თუ კლუბებიც მოილაპარაკებენ, ტრანსფერი შედგება. დღეს, უფრო მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაცხადდება".
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანჟის მესვეურებმა ეტოოს წელიწადში 20 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაც მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტოდ მაღალი თანხაა. მეტიც, მთელი რიგი ბონუსების გამომუშავების შემთხვევაში, კამერუნელის წლიურმა ჯამაგირმა შესაძლოა 30 მილიონსაც კი მიაღწიოს. როგორც ჩანს, 30 წლის ფორვარდმა ცდუნებას ვერ გაუძლო და ძალიან დიდია იმის შანსი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი "ანჟიში" გადავიდეს.
|