არნემის "ვიტესმა" "ვალვაიკთან" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამსვლელი პლეი ოფის მატჩები მოიგო (გასვლაზე 3:1, შინ - 2:1) და საგზურიც გაინაღდა. ევროპის ლიგაზე თამაშის შანსი ჰქონდა გიორგი ჭანტურიასაც.
მან ერედივიზიეში 28 შეხვედრიდან 20 ძირითადში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.
მერე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გაიბრწყინა - ხორვატიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მე-6 ჯგუფში 3 გოლით ავსტრიელ ტონი ვასტიჩთან და ხორვატ მარკო დუგანჯიჩთან ერთად ბომბარდირი გახდა.
...სეზონი არაერთგვაროვანი ჰქონდა. თავიდან "ვიტესის" ძირითადში თამაშობდა, შემდეგ ტრავმის და მწვრთნელთან გაუგებრობის გამო დაისვენა, მაგრამ ბოლოს ისევ გამოჩნდა და გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.
და მაინც, შესაძლოა, მისი და "ვიტესის" გზები გაიყოს: გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიური გრანდი "რომა" არნემის "ვიტესის" 19 წლის ქართველი თავდამსხმელით დაინტერესდა.
ამას გარდა, ისიც შევიტყვეთ, გიორგი ჭანტურიას მიმართ ინტერესს კიდევ 2 იტალიური გუნდი, "ჯენოა" და "ფიორენტინა" იჩენს.
შეეფერება თუ არა ეს ყველაფერი სიმართლეს? გადასამოწმებლად გიორგის დავუკავშირდით და აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელი სერია A-ში თამაშს იმედოვნებს.
- რეალურია, რომ კარიერას იტალიაში გააგრძელებ? - რეალურია თუ არა, ამას უახლოეს პერიოდში გავიგებ, მაგრამ იტალიელები რომ მიწვევენ, ეს ნაღდი ამბავია.
- "ვიტესსთან" მოლაპარაკება დაწყებულია? - ამის შესახებ ჩვენს პრეზიდენტს დაელაპარაკებიან და იმედი მაქვს, რომ მერაბ ჟორდანია გამიგებს და იტალიაში გამიშვებს. თავად იყო ფეხბურთელი და არა მგონია, ჩემი არ ესმოდეს და ხელი შემიშალოს.
- რომელი გუნდი აქტიურობს? - "რომას" გარდა, "ჯენოა", "ფიორენტინა" და "ინტერი" დაინტერესდნენ.
- "ინტერი"?! - დიახ, "ინტერი" და, რაც ვიცი, ოთხივე მზად არის, "ვიტესს" საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადოს.
- რა თანხაზეა ლაპარაკი? - ჩემი ინფორმაციით, "რომა", "ჯენოა" და "ინტერი" 5-იდან 6 მილიონ ევრომდე იხდიან, "ფიორენტინას" წინადადებაზე კი ბევრი არაფერი ვიცი.
- პირადად შენ რომელ გუნდში გსურს თამაში? - ყველა ძლიერი გუნდია. იტალიის სერია A-ში თამაშის პერსპექტივა კი ძალიან მხიბლავს და მიმაჩნია, რომ იქ კიდევ უფრო გავიზრდები, როგორც ფეხბურთელი.
ვნახოთ, ჯერ კლუბს დაელაპარაკებიან, მერე "ვიტესში" ახალი მწვრთნელი დაინიშნება და მისი აზრითაც დაინტერესდებიან.
მოკლედ, ჟორდანიასა და მწვრთნელის გადაწყვეტილებას ველოდები. ისე, რაც ვიცი, ჰოლანდიელებს კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად შესთავაზეს.
- ჰოლანდიაში სეზონი კარგად დაიწყე, მაგრამ ერთი ხანობა ძირითადში ვეღარ ხვდებოდი... - მიზეზი ტრავმაც იყო და მწვრთნელთან გაუგებრობაც, მაგრამ ბოლოს ყველაფერი მოგვარდა.
- ინფორმაციის თანახმად, იტალიელები შენმა საკლუბო გამოსვლებმა დააინტერესა. ანუ ნაკრებში არ გაკვირდებოდნენ? - მეც ვიცი, რომ 7-8 თვე კლუბში მაკვირდებოდნენ.
- სამწუხაროდ, ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრები ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა... - არადა, დიდი შანსი გვქონდა. რაც მოხდა, ყველაფერი ხორვატებთან იდიოტური შეცდომით გაშვებული გოლის გამო მოხდა. ამ დროს არავისზე ნაკლები გუნდი არ გვყავდა.
გიორგი დევდარიანის შემდეგ ამ გუნდის გაწვრთნა ძნელი იყო, მაგრამ ოთარ კორღალიძემ და მისმა ასისტენტებმა მოახერხეს და გუნდი კარგად ათამაშეს.
მე ვიტყოდი, რომ კორღალიძე არის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი და მწვრთნელი, ვისთანაც მიმუშავია და ფედერაციის ხელმძღვანელი რომ ვიყო, ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი, ისე დავტოვებდი ნაკრებში. მას ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა შეუძლია, ეს კი ბევრს ნიშნავს.
- მოულოდნელი იყო, ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს დასვენება რომ მოსთხოვე... - თამაში ძალიან მინდოდა, მაგრამ მაისში 9 შეხვედრა ვითამაშე და ქანცგამოცლილი ვიყავი. ასე კი ნაკრებს ვერ დავეხმარებოდი. ალექსანდრე ჩივაძე დიდი ფეხბურთელი იყო და აღმოჩნდა, რომ გამგები და გულიანი ადამიანიც ყოფილა.
სხვათა შორის, ნაკრებებში სულ გულიანი მწვრთნელები შემხვდნენ და ეს მახარებს. ფეხბურთელს რომ გაუგებ, შენი გულისთვის თავს მოიკლავს.
|